19 მაისი 2024,   03:35
ვრცლად
ხელისუფლების უთავბოლო პოლიტიკაზე მოთმინების ფიალა სტატეგიულ პარტნიორებსაც აევსოთ - უსუფაშვილი

ოპოზიციური პარტიის წევრები ამერიკელი სენატორების წერილს ეხმაურებიან და კრიტიკულ გზავნილს საგანგაშოდ მიიჩნევენ.

პოლიტიკოსები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში კრიტიკული განცხადებები პარტნიორი ქვეყნების მხრიდან შემთხვევითობა არ არის.

"საქართველოს მოქმედი ხელისუფლების უთავბოლო პოლიტიკის თაობაზე, მოსახლეობის უმრავლესობას დიდი ხანია აევსო მოთმინების ფიალა. ახალ კი ვხედავთ, რომ მოთმინების ფიალა აივსო ჩვენი სტატეგიული პარტნიორების შემთხვევაშიც.

ამ ხალხმა დაასკვნა, რომ კრიტიკის გარეშე უკვე შეუძლებელია, სათქმელი მიიტანონ საქართველოს ხელისუფლებამდე. კარგი ამბავი ისაა, რომ ყველა ამ წერილში ხაზგასმულია ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით უსუფაშვილმა.

"ამერიკისთვის უკვე ნათლად დადასტურებულია, რომ "ქართული ოცნება" ემსახურება რუსულ ინტერესებს და არა დასავლური ინტეგრაციის ინტერესებს. ქართულმა ოცნებამ ხელყო საქართველოს დემოკრატიული პერსპექტივა.

სტრატეგიული პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას," - აღნიშნა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

კონგრესმენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად სენატორები მიმართავენ. კრიტიკასთან ერთად, წერილში ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ. თუ ქვეყანა დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავს, შესაძლოა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და ამავე კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინა შაჰინი.

წერილში ნათქვამია, რომ პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით ჩახშობა, დემოკრატიის დასუსტებაზე მიუთითებს. სენატორები ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტებზეც წერენ. გამოთქვამენ შეშფოთებას უზენაესი სასამართლოს მუდმივი მოსამართლეების კვალიფიკაციაზე და თვლიან, რომ ქვეყანაში რეფორმების შეფერხება და შიდა დაძაბულობის ზრდა, რუსეთს საქართველოს საქმეებში მეტად ჩარევის საშუალებას აძლევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები