17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
ეს არის დიაგნოზი - ანალიტიკოსები აშშ-დან გამოგზავნილ მორიგ კრიტიკულ წერილს ეხმაურებიან

აშშ-დან გამოგზავნილ მორიგ კრიტიკულ წერილს ანალიტიკოსები ეხმაურებიან. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია სენატორების წერილს საქართველოს ხელისუფლების დიაგნოზად აფასებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ანტიამერიკული და ანტიქართულია:

"როდესაც ეს სენატორები ამბობენ, რომ თუკი ეს ასე გაგრძელდება, მაშინ მათ მოუწევთ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა, ეს არის დიაგნოზი, რომ დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფო, რეალურად არის ანტიამერიკული და ანტიქართული იმიტომ, რომ ქართული  და ამერიკული სტრატეგიული ინტერესები დღეს 100%-ით ემთხვევა ერთმანეთს. რეალურად ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ არის პუტინის სტრატეგიის მხარდაჭერა," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

აშშ-დან წამოსულ კრიტიკას ნაწილობრივ ლობისტური ორგანიზაციების მუშაობის შედეგად მიიჩნევს ევროპის ფონდის პროგრამის უფროსი მენეჯერი ზაალ ანჯაფარიძე. მისი თქმით, ოპოზიცია ლობისტებთან გაცილებით კარგად მუშაობს, განსხვავებით ხელისუფლებისგან:

"როგორც ჩანს აქ მაინც გარკვეული წვლილი მიუძღვის იმ ლობისტურ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ოპოზიციაზე, როგორც ჩანს ოპოზიციამ ჩათვალა, რომ რადგან მან ქვეყნის შიგნით ვერ მოიპოვა სათანადო მხარდაჭერა, აამუშაოს ის რესურსი, რასაც ჰქვია ქვეყნის ხელისუფლებაზე გარედან ზეწოლა და  როგორც ჩანს ეს რესურსი საკმაოდ კარგად მუშაობს, განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელმაც დღემდე ვერ მოახერხა ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორება," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კონგრესმენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას წერილით სენატორებმაც მიმართეს.  კრიტიკასთან ერთად, წერილში ამერიკელი პოლიტიკოსები ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ. თუ ქვეყანა დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავს, შესაძლოა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და ამავე კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინა შაჰინი.

წერილში ნათქვამია, რომ პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით ჩახშობა, დემოკრატიის დასუსტებაზე მიუთითებს. სენატორები ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტებზეც წერენ. გამოთქვამენ შეშფოთებას უზენაესი სასამართლოს მუდმივი მოსამართლეების კვალიფიკაციაზე და თვლიან, რომ ქვეყანაში რეფორმების შეფერხება და შიდა დაძაბულობის ზრდა, რუსეთს საქართველოს საქმეებში მეტად ჩარევის საშუალებას აძლევს.

დღის ამბები