17 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
"მათ აქ ჩამოსვლას სერიოზული პროტესტი მოჰყვება" - არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე   

ევროსაბჭოში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, სადაც ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები მკაცრად აკრიტიკებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსი დეპუტატების აღნიშნულ ღონისძიებაზე შესაძლო ჩამოსვლას საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო აქციები მოჰყვება.  

"ჩვენ კარგად ვხედავთ, ვინ არის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი. ამ შემთხვევაში, ეს არის რუსეთი და ვინ აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას" იმ ანტიდასავლური კურსისათვის, ეს არის ჩვენი დასავლელი მეგობრები. ეს არის სახე ქართული ოცნების. ის, რომ გავრილოვები და პუტინები უჭერენ მხარს, შეფარულად, მაგრამ მაინც და ის თუ ვინ ასახავს საქართველოში რეალობას და ვინ მოუწოდებს დემოკრატიისაკენ "ქართულ ოცნებას," - განაცხადა ლევან სამუშიამ.

თუკი რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა, ამას ქართველი ხალხისგან სერიოზული პროტესტი მოჰყვება. ამის შესახებ განცხადება "საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაიამ გააკეთა.  

"როდესაც მხოლოდ რუსეთი მოგიწონებს შენ გამოსვლას, ეს სასაცილო კი არა, კატასტროფაა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ის ვითარება, რასაც შეგულიანებული არიან რუსები, რა განცხადებებიც ჩვენ გვესმის, ეს ყოვლად მიუღებელია და ტყუილად ნუ გგონიათ მათ, რომ აქ ვიღაცა დახვდებათ და გულში ჩაიხუტებს. ეს ასე არ იქნება. აქ მათ ჩამოსვლას მოჰყვება სერიოზული პროტესტი, რაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გააკეთა," - განაცხადა პაატა დავითაიამ.

პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დასავლელი მეგობრები შეშფოთებას გამოთქვამენ, კრემლი იმ ყველაფრით, რაც საქართველოში ხდება, მოხარულია.

"ჩვენი უდიდესი მტერი, პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ამ ქვეყანას უკვე საუკუნეებია მტრობს, ის გვაქებს, ტაშს გვიკრავს და სიხარულით ეხმიანება საქართველოს მთავარსარდლის და მეთაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ეს ძალიან კარგად გვაჩვენებს იმას, თუ რა არის "ქართული ოცნების" ნამდვილი სახე. ვაშინგტონი და ბრიუსელი არიან შეშფოთებული და წუხან, როგორც მეგობრები და პარტნიორები და კრემლი, რომელიც საუკუნეებია ამ ქვეყანას მტრობს. არის გახარებული იმ ყველაფრით, რაც ამ ქვეყანაში ხდება," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, 28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. 

დღის ამბები