17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად აფრთხილებენ, დაუბრუნდეს დემოკრატიული თამაშის წესებს - ლაგაზიძე სენატორების წერილზე

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, აშშ-დან გამოგზავნილ წერილში საქართველოს ხელისუფლებას უკვე კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ დემოკრატიული თამაშის წესებს დაუბრუნდეს. ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს გამოგზავნილი წერილების და წერილის ავტორების მნიშვნელობას:

"მე მაინტერესებს, ვის წერილს ელოდება საქართველოს ხელისუფლება, როდესაც კონგრესისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების ხელმოწერილი წერილები მას უკვე აქვს, სადაც მას კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ დაუბრუნდნენ დემოკრატიული თამაშის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მათი მხრიდან რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი, რუსეთისთვის საქართველოს გადაბარების ტენდენცია," - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

კონგრესმენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას წერილით სენატორებმაც მიმართეს.  კრიტიკასთან ერთად, წერილში ამერიკელი პოლიტიკოსები ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ. თუ ქვეყანა დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავს, შესაძლოა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და ამავე კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინა შაჰინი.

წერილში ნათქვამია, რომ პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით ჩახშობა, დემოკრატიის დასუსტებაზე მიუთითებს. სენატორები ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტებზეც წერენ. გამოთქვამენ შეშფოთებას უზენაესი სასამართლოს მუდმივი მოსამართლეების კვალიფიკაციაზე და თვლიან, რომ ქვეყანაში რეფორმების შეფერხება და შიდა დაძაბულობის ზრდა, რუსეთს საქართველოს საქმეებში მეტად ჩარევის საშუალებას აძლევს.

დღის ამბები