17 მაისი 2024,   11:53
ვრცლად
თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ

თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ. წინასწარი ინფორმაციით, ბიოლოგიის მასწავლებელმა მე-6 კლასის მოსწავლე დერეფანში გაიყვანა, ჯერ ხელი ჰკრა, შემდეგ კი ფიზიკურად შეეხო.

თავად პედაგოგი ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. სკოლის ადმინისტრაციაში კი ადასტურებენ, რომ 11 წლის ბიჭს ბიოლოგიის მასწავლებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაზარალებული მოსწავლე ამ დრომდე სკოლაში რჩება, ასევე ბიოლოგიის მასწავლებელიც სასკოლო პროცესში მონაწილეობას აგრძელებს, თუმცა ის ამ კლასში კოლეგა მასწავლებელთან ერთად შედის.

მანდატურის სამსახურში კი "კურიერს" უთხრეს, რომ ადგილზე მართლწესრიგის ოფიცერი არ გამოიძახეს, რადგანაც ბავშვს ამ შემთხვევის დროს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია.

11 წლის ბავშვის ოჯახთან ერთად მომხდარს სკოლის ადმინისტრაციაც ადასტურებს. დირექტორის ინფორმაციით, ფაქტის მომსწრე თავად გახდა, რაც სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. დირექტორი ამბობს, რომ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

"იყო ხელით შეხება, რაც არის კანონის დარღვევა, სკოლის შინაგანაწესი დაირღვა. აქედან გამომდინარე, მომხდარ ფაქტს სწავლობს დისციპლინური კომიტეტი, რაც დადასტურებულია ჩემი მხრიდან და სათვალთვალო კამერების მხრიდანაც. სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია მოსწავლეს. ქალბატონი ნანა ჯერჯერობით არის სკოლაში, მუშაობს, აღნიშნულ კლასში მას შეჰყვება გარეშე პირი," – აცხადებს სკოლის დირექტორი.

"კურიერთან" საუბარში 11 წლის ბიჭის დედა შემთხვევის დეტალებს იხსენებს. ოჯახი ითხოვს, რომ მასწავლებელი კანონის შესაბამისად დაისაჯოს.

"მასწავლებელი შევიდა კლასში, ბავშვები, რა თქმა უნდა, ადგნენ. ბავშვმა სთხოვა ცოტა ხანს ვიდგები და მერე დავჯდებიო, ამან გამოიწვია გაღიზიანება. სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა, უბრალოდ ბავშვს უთხრა, რომ გადი მაშინ გარეთ და იქ დადექი თუ დგომა გინდაო. ბავშვი რომ არ გამოვიდა, დაეჯაჯგურა და ძალით გაიყვანა, გამოაღო კარები, დააგდო ძირს და გააგრძელა სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ, არც კი მიაქცია ბავშვს ყურადღება. კუდუსუნი დაარტყა უბრალოდ და იმ წუთას გამწარდა ბავშვი," – განმარტავს მოსწავლის მშობელი.

შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია განათლების სამინისტრო. მომხდარ ფაქტს სწავლობს ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტი, სწორედ კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს თუ რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები