17 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებით დაკავებულის ოჯახი აქციებს აანონსებს - ადვოკატი

დღეს არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების მოსმენით გაგრძელდება. მათ შორის არიან ბავშვების მშობლებიც.

ერთ-ერთ მათგანის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი ამტკიცებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს დაადასტურებს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულების ოჯახი პერმანენტულ აქციებს გეგმავს.

"წარმოდგენილი მტკიცებულებები არათუ დაადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, არამედ საკმარისიც კი არ არის იმისთვის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უბრალოდ დაკავებულიც იყოს. ბრალდების მხარის მიზანი ამ საქმეში არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ასიამოვნონ უცხოელი კოლეგებს, თუ რა კარგად იმუშავა საქართველოს პროკურატურამ. ოჯახის წევრები აანონსებენ პერმანენტულ აქციებს და ვფიქრობ, ისინი ჩაატარებენ ამ აქციებს. მათი მოთხოვნაა, ბრალდების მხარემ უბრალოდ გასცეს კითხვაზე, თუ რის გამოა დაკავებული კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი,"- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიებამ საბავშვო პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქეები, რომლებიც ფოტოსალონში პორნოგრაფიულ ფოტო-ვიდეო გადაღებას ახორციელებდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა ქვეყანაში ავრცელებდნენ. 

დღის ამბები