17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
მსოფლიო ეპიდაფეთქების საფრთხის წინაშე - საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის დეტალურ რეკომენდაციას ელოდება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან დეტალურ რეკომენდაციებს ელოდება.

გამყრელიძის თქმით, საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობის გამოცხადებით ე.წ. განგაშის თამასა მთელს მსოფლიოზე გავრცელდა. 

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მიმართა რეკომენდაციით, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ იყო მხოლოდ ჩინეთისთვის, გავრცელდა მთელს მსოფლიოზე. ანუ, საჭიროა, რომ ყველა ქვეყანაში საჭიროა იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ინფექციის პრევენციისა და ინფიცირებული ადამიანების, თუ ისინი იყვნენ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის. 

დღევანდელი სტატისტიკა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით ასეთია: სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად იზრდება და ახალი შემთხვევების რაოდენობა 2 დღის განმავლობაში 1982-ით გაიზარდა, ანუ, არის ლაბორატორიულად დადასტურებული 9652 შემთხვევა, მათ სორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში.

სამწუხაროდ, მომატებული სიკვდილიანობა. ამ დაავადებით გარდაცვლილია უკვე 213 ადამიანი და, ასევე, დაკვირვების ქვეშაა ათასობით ადამიანი. 

ჩვენ დღეს და ხვალ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დეტალურ რეკომენდაციებს მივიღებთ. ეს რეკომენდაციები დაყოფილია სამ ჯგუფად: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ ველოდებით რომ დღის ბოლოსთვის იქნება უკვე კონკრეტული რეკომენდაციები ევროპის ქვეყნებისთვის,

გამომდინარე გუშინდელი რეკომენდაციებიდან შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო მიყვება და აკეთებს ყველაფერს, რასაც დღეს ეს რეკომენდაციები გვეუბნება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები