17 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
საქართველო, როგორც ევროპის ნაწილი, კორონავირუსის განვითარების რისკის ქვეშაა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კორონავრუსს ებრძვიან. პრევენციულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს საქართველოც.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ტარდება სხვადასხვა სამუშაოები. აიკრძალა პირდაპირი ფრენები ჩინეთთან.

ჯანდაცვის კომიტეტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. სამუშაო შეკრებაზე ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "კურიერთან" სპეციალური მისიის წარმომადგენელმა განაცხადა, საქართველო, როგორც ევროპის ნაწილი, რისკის ქვეშ იმყოფება, რომ განვითარდეს კორონავირუსი, თუმცა მისი თქმით, ქვეყანა უნდა დახვდეს მომზადებული და გაითვალისწინოს ყველა ის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის ორგანიზაციას გააჩნია, მათ შორის ჰიგიენის ნორმების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

"როგორც იცით, გუშინ ჟენევაში შეიკრიბნენ ექსპერტები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა გამოაცხადა გლობალური საგანგებო მდგომარეობა. მიზეზი, ვირუსით ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობაა. ორგანიზაცია პარალელურად იმ ქვეყნებთან მუშაობს, სადაც ვირუსი უკვე დაფიქსირდა. რისკი ყველაზე მაღალია ჩინეთში. ორგანიზაციამ შესაბამისი რეკომენდაციები გაავრცელა. უხანში, ეპიდემიის ცენტრში, მოსახლეობა ინფორმირებულია ვირუსის შესახებ.

არსებობს ვირუსზე კითხვები, რომელზეც ჯერ პასუხები ჩვენც კი არ გვაქვს," - განაცხადა სილვიო დომენიკმა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თეორიული რისკი კორონავირუსის განვითარებისა არსებობს, თუმცა მისი თქმით, საქართველო ე.წ. მწვანე ზონაში იმყოფება, შესაბამისად ვირუსის განვითარების რისკი ძალიან დაბალია. დიმიტრი ხუნდაძე აქვე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად მზად არის.

"ქვეყანა ითვლება დაბალი საფრთხის შემცველ ქვეყანად, ანუ „მწვანე ზონაში“ ვიმყოფებით, მაგრამ თეორიული რისკები არსებობს და აქედან გამომდინარე პრევენციული ღონისძიებები არის უმკაცრესი. ეს ღონისძიებები შესაძლოა აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით შეიცვალოს, თუმცა ესეც რა თქმა უნდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებით.

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ მოხდეს დაინფიცირებული მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში, მაგრამ თუ კი ის დაფიქსირდა, მე ვუშვებ მხოლოდ თეორიულ შანსს, რა თქმა უნდა ქვეყანა მზად არის ამისთვის, შესაბამისი ადამიანური რესურსი, შესაბამისი მედიკამენტები, კლინიკები, ძირითადი ინფექციური მიმართულებით არის მზადყოფნაში," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები