17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება საკრებულოში - ხაბეიშვილი  და "ოცნების" წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ლევან ხაბეიშვილსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის ისევ დაპირისპირებაა. საკრებულოში, ურბანული და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გამოჩნდა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეახსენა სახელფასო სხვაობა, დეპუტატებსა და საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შორის. 

"მაღალი ანაზღაურება გაქვთ, არც მე ვუჩივი ანაზღაურებას. ჩინოვნიკების ანაზღაურება ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე, პირობითად, მე ვიღებ. დაახლოებით, 4500-დან 5000 ლარამდეა თქვენი ანაზღაურება. ასევე, გემსახურებათ ავტომობილი, საწვავი და ა.შ. სარგებლობთ ბიუჯეტის იმ სიკეთეებით, რაც გეკუთვნით და დადგენილია კანონით, კი ბატონო. უბრალოდ, ამ დროს, თქვენსავე ოთახში მოფუსფუსე ქალბატონებს, რომლებიც თქვენს ოთახს ალაგებენ, ყოველდღიურად უხდიდეთ 8 ლარს და თვეში 196 ლარს, მე არ მგონია სწორი,"-მიმართა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს.

ლევან ხაბეიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს  2014 წელს აღებული სახელფასო დანამატები შეახსენა. 

"დამლაგებლების ხელფასზე რომ საუბრობ, 2014 წელს, პირობითად ივლისის თვეში რომ 7200 ლარს იღებდი ხელფასს, დანამატით, პრემიით, დანამატს რომ იღებდი 3600 ლარს, პრემიას რომ იღებდი 1800 ლარს, ხელფასს რომ იღებდი, ხელფასი მაშინ რამდენი ჰქონდათ დამლაგებლებს?!"

ამის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა, რა დროსაც "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხულმა ერეკლე კუხიანიძემ მას "ლაჩარი" უწოდა. 

"ლევან, ლაჩრულად ნუ გარბიხარ, რაღაც გიპასუხო მინდა, ლაჩარი ხარ და გამეცი ტყუილებზე პასუხი, შე გარეწარო" - ასე მიმართა ლევან ხაბეიშვილს ერეკლე კუხიანიძემ.

კუხიანიძემ თანაგუნდელებსაც მიმართა და პარტიიდან გარიცხვის ინციდენტიც შეახსენა.

"ყოველ გამოსვლაზე ჩემს ოჯახს ეხება, მე მომიხსენიებს, როგორც მოღალატეს და ჩემთან არ შემოდის დიალოგში. სრულიად დაუშვებელია, რაც გააკეთეთ ბატონი ხაბეიშვილის მიმართებით, ხელით შეხება დეპუტატზე, ეს არის სრულიად დაუშვებელი. ბოდიში, მაგრამ, ვიღაც მთელ პარტიას, რომ ღორებს გეძახით, იმის გამო, რომ მე გავაკრიტიკე ვიღაც, მე, რომ გამაგდეთ პარტიიდან, ეგ რა იყო? რატომ არ გააგდეთ კობახიძე პარტიიდან, რომელმაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში, მაგიტომ მოხსენით, ხო? რატომ არ გააგდეთ პარტიიდან, ისევ პარტიაში ზის და ბატონი ბიძინას გვერდით ზის და მისი მრჩეველია, მე რატომ გამაგდეთ? რატომ ვერ იტანს ეს პარტია იმას, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი რაღაცას ამბობს,"-მიმართა კუხიანიძემ უმრავლესობის წევრებს.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში წამოარტყა, რის შედეგადაც ფიზიკური დაპირისპირება გამწვავდა და ხაბეიშვილმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. თარაშ შურღაია ადასტურებს, რომ ინციდენტის შემდეგ დაკითხეს, თუმცა დამატებით დეტალებზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს. 

დღის ამბები