17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორს ახალი სფერო ჩაბარდება - გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს

"აეროპორტების გაერთიანების" გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დაადასტურა.
ნათია თურნავას განცხადებით, მის შემცვლელს ის დღის მეორე ნახევარში წარადგენს, ხოლო გიორგი ჩოგოვაძე სრულიად ახალ სფეროს ჩაიბარებს.

"აეროპორტების გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი ჩოგოვაძემ ძალიან კარგი სამუშაო გაწია და ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებთ მას ამისთვის. მას ახალი გამოწვევა აქვს ახლა და ახალი სფერო ჩაბარდება. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, თვითონ მოგახსენებთ, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო უბანზე გადადის. ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ახალი ხელმძღვანელი წარვადგინოთ და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ განცხადებას დღის მეორე ნახევარში გავაკეთებთ. ასევე ძალიან ძლიერი პროფესიონალია მისი შემცვლელი და ერთი თვისება აქვს კიდევ, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიტყვი. მე გპირდებით, რომ წლევანდელი წელი აეროპორტების გაერთიანებისთვის ახალი ენერგიის წელი იქნება, ახალი პროექტების წელი, ახალი ტემპის წელი და გაუმჯობესებული ხარისხი ჩვენი მოსახლეობისა და ტურისტების მომსახურების თვალსაზრისით", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი ჩოგოვაძე "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორად 2018 წელს დაინიშნა, მანამდე  კი  2014 წლიდან, "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

დღის ამბები