17 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
აპირებენ, ლევან ხაბეიშვილს წარუდგინონ ბრალი ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე - ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ვარაუდობს, რომ პროკურატურა "ქართული ოცნების" წევრ ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენას აპირებს.

ნადირაძის ინფორმაციით, ხაბეიშვილი პროკურატურაში 15:30 საათზეა დაბარებული.

"დავიწყებ იმით, რომ "ქართული ოცნების" და მისი პროკურატურის უნამუსობას საზღვარი არ აქვს. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ჯგუფურად, სამარცხვინოდ, წინასწარ განზრახვით როგორ იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე და ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვნახეთ პროკურატურის მინიშნება, რომ აპირებენ, ლევან ხაბეიშვილს წარუდგინონ ბრალი ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე.

თურმე ხაბეიშვილი იქით დაესხა თავს ირაკლი ზარქუას და იქით გალახა. ეს არის არაადეკვატურობის და უნამუსობის პიკი. რა თქმა უნდა, რა გამოძიებას და სამართალს უნდა ველოდოთ, ჩვენ ვნახეთ არაერთი დანაშაული, მათ შორის თვალებდათხრილი ახალგაზრდების საქმე, როგორც ხაბეიშვილი ამბობდა, ეს საქმეები არ გამოიძიეს და ჩალურჯებულ თვალს ვინ გამოიძიებსო. ეს იყო წინასწარ დადგმული ძალადობა კახა კალაძის და ძალოვანი მინისტრების დაკვეთით, თუმცა უნდოდათ, რომ მოძალადედ წარმოეჩინათ ლევან ხაბეიშვილიც, რაც სრული აბსურდია. ეს გააკეთეს ერთადერთი მიზნით - ჯგუფური ძალადობა გადაეფარათ და ამიტომ ლევან ხაბეიშვილიც გამოეყვანათ მოძალადედ,"- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პროკურატურასთან ლევან ხაბეიშვილთან ერთად მივლენ და იმ შემთხვევაში, თუ ბრალს წარუდგენენ, ყველა ერთად იმოქმედებს. 

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს საკრებულოში მომხდარი ინციდენტისას ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს ბრალი წარედგინათ.

დღის ამბები