17 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყოველდღიურად განგაშის ზარი ძლიერდება - ნინო ბურჯანაძე

ევროპის საბჭოს რეზოლუციას გამოხმაურებები მოჰყვა თბილისშიც. არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ურჩევს, კონსტრუქციული იყოს და ევროინსტიტუციების რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედოს.

"ევროსაბჭოს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და პირდაპირ არის აღნიშნული ყველა ის პრეტენზია და პრობლემა, რომელიც "ქართული ოცნების" მიმართ, ოპოზიციას და ქართული საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აქვს. 

საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებების დაპირების ჩაგდებაზე, მოსამართლეების არასწორად დანიშვნაზე, კლანურ მმართველობაზე და ასე შემდეგ. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყოველდღიურად განგაშის ზარი ძლიერდება," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. 

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ იმპერატიული მოთხოვნა დააყენა - საქართველოში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება. მაინტერესებს და მივმართავ "ქართული ოცნების" ლიდერებს, ახლა რაღას იტყვით?! მხოლოდ კონგრესი და სენატი კი არა, ევროინსტიტუციებიც მოგიწოდებთ, იყოთ კონსტრუქციულები და ადეკვატურები საზოგადოების მოთხოვნაზე. 

ეს არის ოპოზიციის და ქართველი ხალხის აქტიურობის შედეგი და სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე," - აცხადებს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები