17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
საქართველოს მასშტაბით ყველა აეროპორტსა და გამშვებ პუნქტზე მგზავრების, ასევე ამანათებისა და ბარგის შემოწმებაც მიმდინარეობს

საქართველოს მასშტაბით ყველა აეროპორტსა და გამშვებ პუნქტზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, როგორც მგზავრების, ასევე საჭიროების შემთხვევაში ამანათებისა და ბარგის შემოწმებაც მიმდინარეობს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ექიმები და საეჭვო მგზავრებს ამოწმებენ. ასევე, მათ კორონავირუსის სიმპტომებისა და გავრცელების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

"გრძელდება პრევენციული ღონისძიებები, მგზავრებს ვამოწმებთ როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ასევე პირადი შემოწმებებით, პირადი კითხვებით. ვავლენთ, ხომ არ აღენიშნება ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები, ასევე განვმარტავთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს. მგზავრების უმრავლესობა გადის, ზოგს სურვილი არ აქვს რომ გაიაროს. ჩვენ ყველას ვთავაზობთ, მივდივართ, ყველას ვამოწმებთ, განსაკუთრებით ჩინეთის მოქალაქეებს. მაინც ვცდილობთ, რომ დავარწმუნოთ, შევამოწმოთ და ამით არაფერი არ ფუჭდება. არ ვაიძულებთ," - აცხადებს ქუთაისის ერთ-ერთი ექიმი.

მგზავრების თქმით, კორონავირუსზე შემოწმება მარტივი პროცედურაა.

"გავიარე შემოწმება, ეს ვირუსის პრევენციისთვის კარგი საშუალებაა, პროცესი საკმაოდ მარტივი იყო," - აცხადებს მგზავრი.

უკვე დასრულდა ჯანდაცვის კომიტეტის შეხვედრა, რომელზეც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფებოდა. ამ შეხვედრაზე მხარეებმა სწორედ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

"კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვის გაზრდას უკავშირდება ჩინეთსა და კიდევ 18 ქვეყანაში. ჩვენს შეშფოთებას ასევე იწვევს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების საკითხი. ვშიშობთ ვირუსი არ გავრცელდეს ისეთ სახელმწიფოებში, სადაც სუსტი ჯანდაცვის სისტემაა," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური მისიის წარმომადგენელმა სილვიო დომენიკმა.

კორონავირუსის გავრცე3ლების ბოლო სტატისტიკა ასეთია: გარდაცვლილია 213 ადამიანი, დაინფიცირებულია 10 000-მდე პირი. ასევე ბოლო ინფორმაციაა, რომ ბრიტანეთმა უკვე დაადასტურა მის ქვეყანაში კორონავირუსის 2 შემთხვევა.

დღის ამბები