19 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
ქონების გადაგირავების აკრძალვა - საფინანსო ორგანიზაციებ​ისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ექსპერტები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ

ახალი შეზღუდვები ფინანსური ორგანიზაციებისთვის -  კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემ სუბიექტებს ამიერიდან აღარ აქვთ უფლება სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონება გადააგირაონ.

ეკონომიკური ექსპერტების ნაწილი ცვლილებას მკვეთრად უარყოფითად აფასებს. მათი თქმით, ისედაც ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყანაში მსგავსი ტიპის ცვლილება კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება.

"ნებისმიერ შეზღუდვა გაცემის პროცესზე ეკონომიკურ ურთიერთობებს ამახინჯებს. შეიძლება იყოს სიტუაცია, როცა სესხი უკვე აქვს აღებული რომელიღაც მხარეს, ჩაგირავებული აქვს ამის საპირისპიროდ რაღაც ქონება, მაგრამ ვთქვათ შეიძლება არსებობდეს ვიღაც სხვა გამსესხებელი, რომელიც მზად არის რომ მეორადი იპოთეკით, კიდევ დამატებითი სესხი მისცეს გამსესხებელს. ეს ახლა იკრძალება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ყველაზე უფრო ფრთხილი და ჭკვიანია ჩვენი საქმეების მართვაშიც კი," - განაცხადა ფინანსისტმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა გიგა ბედინეიშვილმა.

ექსპერტი ეკონომიკის დარგში რატი აბულაძე საბანკო-საფინანსო სექტორისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციას თეორიულად გამართლებულს უწოდებს, თუმცა მისივე განმარტებით, პრაქტიკულად, პრობლემები ისევ მოუგვარებელი რჩება.

"მთლიანობაში ეს არის ქართული ფინანსური გარემოს გაჯანსაღებისკენ მიმართული ღონისძიება. მაგრამ ესე არ უნდა გავიგოთ, რომ ის შემოსავლებს გაუზრდის ვინმეს. ერთია მეთოდური მიდგომა, თეორიულად, მეთოდოლოგიურად კარგი ქმედება, მაგრამ პრაქტიკულად რა გვრჩება, ისევ ხელმისაწვდომობის პრობლემა კრედიტთან, ფულთან, ისევ შემოსავლების, ინფლაციის პრობლემები," - აღნიშნავს რატი აბულაძემ.

აღნიშნული შეზღუდვები ძალაში ჯერ კიდევ 2019 წლის პირველი ივლისიდან უნდა შესულიყო, თუმცა ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეს თარიღი ორჯერ გადაიდო.

 

დღის ამბები