26 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა - შემთხვევის ადგილზე ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს

თბილისში მშენებლობაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ორი მუშა ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე მიმდინარე სამუშაოების დროს, სიმაღლიდან გადმოვარდა.

21 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"არის სიმაღლიდან ვარდნა, სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის ქალა ტვინის ტრავმაა, სუბარახნოიდული სისხლჩაქცევა, თავის ტვინის შეშუპება, გულ-მკერდის ტრავმა, პნევმოთორაქსი, ხერხემლის დაზიანებაა განივი მორჩების, ბარძაყის ძვალი მოტეხილია, საჯდომი მოტეხილია. პაციენტი ამ ეტაპისთვის არის უკიდურესად მძიმე და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე, არის შოკური მდგომარეობა. მიმდინარეობს სასიცოცხლო პარამეტრების სტაბილიზაცია," - აცხადებს ექიმი ხათუნა ხუფენია.

როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, წინასწარი დათვალიერების შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები სავარაუდოდ დარღვეული იყო. ასევე შრომის ინსპექციის განმარტებით, ადგილი აქვს არა ერთ კრიტიკულ დარღვევას და იმავე წყაროს ინფორმაციით, გადამზიდი მოწყობილობა, რითიც მძიმე ტვირთების გადაზიდვა ხდებოდა, კუსტარულად იყო დამზადებული.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. 

"კურიერი" ერთ-ერთ ადგილობრივს ესაუბრა, რომლის ინფორმაციით, შემთხვევა 12 საათზე მოხდა. მისივე თქმით, ორი მუშა მაღალი სართულიდან გადმოვარდა. 

"ჩამოვარდნენ აქ. ცემენტი აქონდათო, თვითონაც აყვნენ და ტროსი გაწყდაო. 25 და 21 წლის ბიჭები იყვნენ, ერთი პრარაბი იყო. ერთი ადგილზე დაიღუპა და მეორეს პულსი ესინჯებოდა. ეს ბინა აშენდა და არავითარი პრობლემა არ იყო, ყველაფერს იცავდნენ. უკვე მთავრდებოდა და რატომ მოუვიდათ ასე ღმერთმა იცის," - განაცხადა თვითმხილველმა ზაზა ქელეხსაევი.

ადგილზე იმყოფებიან ასევე პროფკავშირების წარმომადგენლები, რომლებსაც ობიექტზე შესვლის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მიეცათ.

"კანონში ჩაიწერა ის რეალურად, რაც უნდა ჩაწერილიყო. ახლა არის ერთადერთი აღსრულების პრობლემა. სამწუხაროდ ისევ მაღალია დაღუპულთა სტატისტიკა სამშენებლო სექტორში. 2018 წელს იყო 16 ადამიანი გარდაცვლილი მხოლოდ მშენებლობაზე, 2019 გვაქვს 19 სასიკვდილო შემთხვევა სამშენებლო სექტორში და ამ მხრივ დინამიკა კვლავ მძიმეა," - განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა ნიკა კაკაშვილი.

შს სამინისტროში საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით აღიძრა, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები