27 აპრილი 2024,   01:40
ვრცლად
ნებისმიერ არჩევნებზე ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში - დავით ბაქრაძე ოპოზიციის გეგმებზე

უარი დიალოგზე და საპროტესტო აქციები - გიგი უგულავას დაკავებამ ოპოზიციის დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა მაშინ დააკავეს, როდესაც პარტიები საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის ემზადებოდნენ.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, ხელისუფლება ოპონენტების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა და მასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ოპოზიცია ახალ სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას - პოლიტიკოსები რამდენიმე საათში შეიკრიბებიან.

ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არსებულ სიტუაციაში მთავარ ამოცანად დაწყებული პროცესების ბოლომდე მიყვანა და მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ჩამოშორება რჩება.

"დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც "ქართული ოცნება" საქართველოს შიგნით არის მთლიანად იზოლირებული და არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც მხარს უჭერს ხელისუფლებას.

ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იქნება ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი, დავრჩეთ ბოლომდე კოორდინაციაში დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან და შეთანხმებული მოქმედებებით, მათ შორის შეთანხმებული მაჟორიტარული კანდიდატებით, უზრუნველვყოთ საარჩევნო და მშვიდობიანი გზით ამ ხელისუფლების უსწრაფესი ჩამოშორება.

ნებისმიერი საარჩევნო სისტემით და ნებისმიერ არჩევნებზე ჩვენ თქვენ მოგიგებთ და გაგიშვებთ პოლიტიკურ მოუსვლელში," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები