პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკული გზავნილები აქვთ.
ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან პეტრას აუსტრევიჩუსი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ დაპირების მიუხედავად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი წინ არ მიიწევს.
"ეს არის ნათელი მესიჯი, რაც ხდება საქართველოში. ნებისმიერ ქვეყანაში, ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება საყურადღებოა. მნიშვნელობა არ აქვს, რის საფუძველზე მოხდა. ეს წლების განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს. ეჭვი ჩნდება, რომ ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური დაძაბულობაა, საერთო ენაზე არ საუბრობენ. საარჩევნო სისტემაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დაპირება არსებობდა. დიალოგი არ მიიწევს წინ და ეს შეშფოთებას იწვევს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების თანახმად ჩვენი პარტნიორია და ეს ეხება ადამიანის უფლებების კრიტერიუმს, ამავდროულად, ეს ყველაფერი ხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის გადაწყვეტილებამდე, თუ როგორ ვუპასუხებთ წევრ ქვეყნებს, სადაც საქართველოს მოწინავე ქვეყანაა. ველით ძლიერ არგუმენტებს, როგორც ბრიუსელიდან, ისე თბილისიდან. ამ ნეგატიური გზავნილების გამო როგორც ჩვენი, ისე თბილისის პოზიციები სუსტდება,"- განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელზეც ქართული დელეგაცია ევროპარლამენტარებთან საუბრობს. სტრასბურგში შეხვედრებს კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე მართავენ, მათ შორის იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებასთან კრიტიკული გზავნილები აქვთ. ხვალიდან დელეგაცია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომებში მიიღებს მონაწილეობას.