22 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" განცხადება

ტელეკომპანია "რუსთავი 2" რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"რამდენიმე მედიასაშუალებასა და საჯარო სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2-ის" ეთერში "სტუდია მონიტორის" პროექტი შეჩერდა კონკრეტული ფილმის შინაარსის გამო.

გავრცელებული ინფორმაცია და შეფასებები ეფუძნება ფაქტებით მანიპულირებას, ემსახურება "რუსთავი 2-ის" რეპუტაციის დაზიანებას და წარმოადგენს იმ კამპანიის ნაწილს, რაც არხის წინააღმდეგ ხორციელდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ.

გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორადაა მითითებული, რომ პროექტი შეჩერდა კონკრეტული ფილმის შინაარსის გამო, ეს არ შეესაბამება რეალობას. პროექტი დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და მისი ყველა პირობა შესრულდა. 
პროექტის ფარგლებში "რუსთავი 2-მა" ეთერში გაუშვა კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა ფილმი, მიუხედავად მათი შინაარსისა. არხს ფილმები მიეწოდებოდა ერთი დღით ადრე და ყოველგვარი მონიტორინგის  ან სარედაქციო ჩარევის გარეშე თავსდებოდა ეთერში დაგეგმილ დროს. ამდენად, მითითება, თითქოს რაიმე კონკრეტული ფილმის გამო შეჩერდა პროექტი, მით უფრო, მაშინ, როდესაც კონტრაქტი დასრულებულია, არაკორექტულია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ "რადიო თავისუფლებას" ან "სტუდია მონიტორს" "რუსთავი 2-ის" მიმართ რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ჩვენმა არხმა გამოთქვა "რადიო თავისუფლებასთან" სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის მზაობა, რაც ეცნობა წერილობით ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოსაც.

რაც შეეხება საჯარო სივრცეში გავრცელებულ კომენტარებს, მიუღებელია ფაქტების მანიპულაციაზე დაფუძნებული დაუსაბუთებელი კრიტიკა და არხის რეპუტაციის შემლახავი მიზანმიმართული კამპანია იმ პირებისაგან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ტელევიზია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ კონტროლდებოდა, არ გამოხატავდნენ პროტესტს არხის სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაზე,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები