26 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
ნულოვანი მხარდაჭერის მქონე ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას საერთაშორისო პრესის გამოყენებით ახორციელებენ - თალაკვაძე "ბლუმბერგის" სტატიაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ქვეყანაში ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ, საარჩევნო კამპანიის განხორციელება საერთაშორისო პრესის გამოყენებით დაიწყეს.

საუბარია "ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვაშინგტონში ლობისტური კომპანია დაიქირავა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნული სტატია დასპონსორებულია, ვინაიდან ამერიკულ გამოცემა "ბლუმბერგს" არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსთვის სხვადასხვა პროექტებში 3 მილიარდი დახარჯა.

"ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელთაც აქვთ ქვეყანაში დაბალი ან ნულოვანი მხარდაჭერა, თავის წინასაარჩევნო კამპანიას უკვე ახორციელებს საზღვარგარეთ. ისინი ცდილობენ სწორედ საზღვარგარეთ, მათ შორის, საერთაშორისო პრესის და გაზეთების გამოყენებით გააჟღერონ თავისი პოზიციები.

ეს რომ დასპონსორებული ჩანს, იქიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ "ბლუმბერგს" არც ერთხელ არ უთქვამს და არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისთვის და დღეს აქვეყნებს სტატიას, რომ თითქოს ის 77 ათას დოლარს ხარჯავს. მემგონი ძალიან დიდი განსხვავებაა 3 მილიარდსა და 77 ათასს დოლარს შორის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ბიძინა ივანიშვილი სახელწოდებით "საქართველოს ჩრდილოვანი ბოსია" მოხსენებული.

დღის ამბები