28 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ოპოზიცია არჩილ თალაკვაძის საანგარიშო მოსმენას ბოიკოტს უცხადებს

ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს ბოიკოტს უცხადებს. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრება.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძის ანგარიშზე დასწრებას არ აპირებს. ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მოკლა.

"ბიძინა ივანიშვილმა მოკლა პოლიტიკური პროცესი ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ და აღარ დაგვიტოვა იმის შესაძლებლობა, რომ საგნობრივ დისკუსიებში მივიღოთ მონაწილეობა პარლამენტში. თალაკვაძის ანგარიშს, რომელიც უბრალოდ ნომინალური სპიკერია და მისი მთავარი ამოცანა ივანიშვილის დავალებების შესრულებაა, რა თქმა უნდა, ჩვენ არც ამ ფორმალობას დავესწრებით," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით, საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლო კანონი ჩააგდო.

"სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტმა და მისმა უმრავლესობამ ჩააგდო ყველაზე მნიშვნელოვანი 2019 წლის შესაძლო კანონი, ეს არის კანონი საარჩევნო სისტემის შესახებ. ჩვენ გვქონდა ისტორიული შანსი, ამ პარლამენტს ჰქონდა ისტორიული შანსი, შესულიყო ქვეყნის ისტორიაში, როგორც ფუძემდებელი ახალი საპარლამენტო სისტემისა. სამწუხაროდ "ქართულ ოცნებას" ამის პასუხისმგებლობის უნარი არ აღმოაჩნდა, ამიტომ მე მუშაობას შევაფასებდი მხოლოდ უარყოფითად," - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

 

დღის ამბები