მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ გიგა აბრალავას ბრალი საღამოს 6 საათისთვის წარედგინა.
გარდა ამისა, გამოძიება 28 წლის მამაკაცს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას ედავება. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს.
მეუღლეების კონფლიქტს ხშირად შესწრებია სალომე ბოხუას ბებია. დოდო ბაშალეიშვილის თქმით, სიძის საქციელი მისთვის ხშირ შემთხვევაში მიუღებელი იყო, თუმცა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ჩარევისგან ოჯახი თავს ბოლო მომენტამდე იკავებდა.
ოჯახის წევრების თქმით, სწორედ მამაკაცის მხრიდან სისტემატური ძალადობა გახდა ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი. 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვე მეუღლეებმა ცალ-ცალკე გაატარეს.
საბოლოოდ კი, დაშორება და შესაბამისი აქტის სხვადასხვა ქალაქში ხელმოწერა გადაწყვიტეს. თუმცა, ბათუმის ნაცვლად გიგა აბრალავა სამტრედიაში ჩავიდა და მეუღლე ათეულობით თვითმხილველის თვალწინ, მომსახურების სააგენტოს ოფისში მოკლა.
ბრალდებულის ოჯახის წევრები გიგა აბრალავას ქმედებას არ ამართლებენ, მაგრამ ამბობენ, რომ სიტუაციის პროვოცირებას მისი მეუღლე, სალომე ბოხუა გამუდმებით ახდენდა.
28 წლის გიგა აბრალავას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ავტორი: დავით ცაგარელი