11 მაისი 2024,   21:48
ვრცლად
მერაბიშვილის ფიგურა გვაბრუნებს წარსულში და კიდევ ერთხელ ყოფს საზოგადოებას - ანა დოლიძე

სამოქალაქო სექტორის ნაწილისთვის ვანო მერაბიშვილი ამ დრომდე ძალადობასთან, პოლიციურ ტერორთან და არაადამიანურ სპეცოპერაციებთან ასოცირდება. ისინი მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებაში, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, ძალადობის სიმბოლიკას ხედავენ, რომელზეც მათი თქმით, ქართველმა ხალხმა უარი დიდი ხნის წინ განაცხადა.

"მის სახელს უკავშირდება საპოლიციო ტერორი, თვალთვალი, დარბეული აქციები. ვფიქრობ უადგილოა მისი რეაბილიტაციის მცდელობა და ახალ გმირად გამოყვანა. ეს მოქმედებები, რასაც ვუყურებთ მისი მხარდამჭერების მხრიდან მისაღები არაა," - აცხადებს საიას იურისტი ვახუშტი მენაბდე.

ანა დოლიძის თქმით, პოლიტიკურ ველზე ვანო მერაბიშვილის გამოჩენით ხელისუფლება სასარგებლო სიტუაციაში დგება, რადგან მათ ოპონენტად უჩნდებათ ფიგურა, რომელიც ძალადობასთანაა ასოცირებული:

"მერაბიშვილის ფიგურა ფაქტია, რომ გვაბრუნებს წარსულში და კიდევ ერთხელ ყოფს საზოგადოებას. მმართველი პარტია დგება ძალიან სასარგებლო სიტუაციაში, ვინაიდან მას ოპონენტად უჩნდება კიდევ ერთხელ ჯგუფი და ადამიანები, რომლებიც ასოცირებული არიან ლიკვიდაციასთან, ძალადობასა და ჩაგვრასთან, მაშინ როდესაც ხალხის უმეტესობას შუაში აინტერესებს სიმშვიდე, განვითარება, საქმე და კეთილდღეობა და იმ წვალების წლებში გახედვა არ სურს," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები