18 მაისი 2024,   19:15
ვრცლად
კორონავირუსით დაინფიცირებული 42 334 ადამიანი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 86 992 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 42 334-ია.

"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 976-ს აღწევს, აქედან უმეტესობა, 2 870, ჩინეთშია დაფიქსირებული, 106 - კი მის ფარგლებს გარეთ.

ფატალური შემთხვევები დადასტურებულია: ირანში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ფილიპინებში, ტაივანში, აშშ-სა და ავსტრალიაში.

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 29 წლის კაცია, რომელიც მანამდე მეუღლესთან ერთად ირანში იმყოფებოდა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაწერა, რომ ყველას, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, ექიმები დააკვირდებიან. ფაშინიანი იმასაც წერს, რომ სომხეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ყველა ზომას გაატარებენ.

"ირანიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდა კაცმა საავადმყოფოს თვითონ მიმართა და ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში მისვლისას მას ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ახლა აღარ აქვს. რაც შეეხება ინფიცირებულის ცოლს, მას კორონავირუსი არ დაუდგინდა," - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით სომხეთს ირანთან ერთი კვირაა საზღვარიც ჩაკეტილი აქვს და საჰაერო მიმოსვლაც შეჩერებული. რაც შეეხება თავად ირანს, "კოვიდ 19"-ის გამო რთული ვითარებაა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ირანია სწორედ ის ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანია დაღუპული. ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა და ოფიციალური სტატისტიკა 43-მდე გაიზარდა.

განსხვავებულ სტატისტიკას ავრცელებს "ბი-ბი-სი". მედიასაშუალების ინფორმაციით, თეირანი ზუსტ მონაცემებს მალავს და რეალურად, ვირუსმა 210 ადამიანი იმსხვერპლა. "კოვიდ 19"-ის გამო ირანში პანიკაა. ქალაქ ბენდერ-აბასში ადგილობრივმა მოსახლეობამ იმ საავადმყოფისთვის, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები გადაიყვანეს, ცეცხლის წაკიდება სცადა.

კორონავირუსის გამო ახალ შეზღუდვებს აწესებს ამერიკის შეერთებული შტატები. ყველა ის პირი, ვინც ირანში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა შტატებში შესვლას ვეღარ შეძლებს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ვაშინგტონში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტის შესახებ დეტალები ცნობილი არაა. ცნობილია ის, რომ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ფატალური შემთხვევის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამერიკელ ხალხს კი სიტყვით პრეზიდენტმა ტრამპმა მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"არ არის არცერთი მიზეზი პანიკისთვის. ეს არის საკითხი, რომელსაც პროფესიონალები უმკლავდებიან. ჩვენი ქვეყანა მზად არის ნებისმიერი გარემოებებისთვის. ვითარება ასეთია - ოთხი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 15 ადამიანი კი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ერთი პაციენტი დაიღუპა," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

დაღუპულთა რაოდენობა იზრდება ჩინეთში. ჩინეთის გარდა ყველაზე მეტი ინფიცირებულია სამხრეთ კორეაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ეკლესიები დახურეს. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. 

"ამ რთულ პერიოდში ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. სხვა ქალაქებიდან გვიგზავნიან პირბადეებს. ეს კი ჩვენ ძალიან გვაიმედებს და უფრო გაბედულები ვხდებით ვირუსთან ბრძოლაში," - განაცხადა ქალაქ დაეგუს მერმა კვონ იუნგ ჯინმა

ვირუსს ებრძვიან ევროპაშიც, სადაც გავრცელების ეპიცენტრი იტალიაა. ქვეყანაში დაავადებას 29 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რიცხვი კი 1100-ს აჭარბებს. როგორც ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაავადების 240 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის გამო იტალიის მიმართულებით "თურქიშ ეარლაინსმა" ფრენები შეაჩერა, "ამერიკან ეარლაინსმა" კი შეზღუდვები დააწესა. 

 

 

დღის ამბები