19 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
საარჩევნო ცვლილების ინიცირებისთვის დრო 9 მარტამდეა - მიიღებს თუ არა ოპოზიცია "ოცნების" ალტერნატიულ ინიციატივას

კვლავ უცნობია, როდის გაიმართება საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრის მეხუთე რაუნდი.

პირველ მარტს "ქართულ ოცნებაში" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სხდომა ჩატარდა და უმრავლესობამ საკუთარი შეთავაზებაც გააკეთა. ეს არის 40 %-იანი მინიმალური ზღვარი, რომელიც ე.წ ჩამკეტ ფუნქციას ითვალისწინებს. თუ პარტია 40% ან ნაკლებს მიიღებს, ის მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. მათი თქმით, ჯერი ახლა ოპოზიციის პასუხზეა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩამოყალიბდეს და გადაწყდეს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. საარჩევნო ცვლილების ინიცირებისთვის კი დრო 9 მარტამდეა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე გაცილებით მაღალ მხარდაჭერას მიიღებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ უკვე წარუდგინა ოპოზიციას შესაბამისი კანონპროექტი და მისი მიღების შემთხვევაში, მაჟორიტარული და პროპორციული მანდატების თანაფარდობის საკითხი აზრს კარგავს. 

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მათი შეთავაზება უზრუნველყოფს ზუსტად ისეთი შედეგის დადგომას, რასაც უზრუნველყოფდა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული 120/30-ზე სისტემა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არამარტო ოპოზიციის ხმების მოპოვება ამ პროექტის გარშემო, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხმების მოპოვებაც. აქედან გამომდინარე, თუ სათანადო მოცულობით არ იქნება წარმოდგენილი ამ სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტი, ჩვენ გაგვიჭირდება მისი გატანა პარლამენტში. შესაბამისად, ნაცვლად პროპორციის ცვლილების, ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც ზუსტად ისეთივე ეფექტურია და უზრუნველყოფს ზუსტად ისეთი შედეგის დადგომას, რასაც უზრუნველყოფდა ოპოზიციის მიერ შემოტავაზებული 120/30-ზე სისტემა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ხელისუფლების შეთავაზება სამართლიანია და პასუხობს ყველა იმ შეკითხვას, რაც დასმულა ოპოზიციის მხრიდან.

დღის ამბები