27 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
პარლამენტის ბიუროს სხდომა კვლავ ოპოზიციის ბოიკოტის რეჟიმში ჩაივლის

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, შესყიდვების კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებსა და სხვა საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. როგორც ცნობილია, დღევანდელი შეხვედრაც ოპოზიციის გარეშე ჩაივლის.

"ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, საარჩევნო სისტემაში არსებული პრობლემების გამო ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას. 

"არ ვესწრებით, იმიტომ რომ ეს არ არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობა, ეს არის ყოფითი, რიგითი და ყოველდღიური რუტინა შემოთავაზებული "ქართული ოცნების" მიერ. ჯერჯერობით, ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში და გავაგრძელებთ მანამ, სანამ რაიმე საქმიდან გამომდინარე არ ჩავთვლით საჭიროდ ჩარევას,"-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, ოპოზიცია შესაძლოა საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდეს. 

"ჯერ კიდევ ველოდებით მოლაპარაკების შედეგების შედეგებს. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, შესაძლებლობის ფანჯარა იხურება და, შესაბამისად, საპარლამენტო ცხოვრებაზეც იქონიებს გავლენას. შეთანხმება თუ შედგა და პოლიტიკური ცხოვრება ნორმალიზაციისკენ წავიდა, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა განიხილონ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხი, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს არ განიხილება,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ბოიკოტის დრო არ არის და ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს. 

დღის ამბები