17 მაისი 2024,   11:53
ვრცლად
89 000 ინფიცირებული და 45 000 განკურნებული - კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 89 ათასს აჭარბებს. ყოველდღიურად იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც, რომლიც უკვე 3 ათასს გასცდა. 

კორონავირუსმა უკვე 60-ზე მეტ სახელმწიფოში შეაღწია. ვირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ჩეხეთში, დომინიკის რესპუბლიკასა და შოტლანდიაში. ყველა დაინფიცირებულმა იტალიაში იმოგზაურა.

52 გარდაცვლილი და 1000 მდე ინფიცირებული - ამ დრომდე ირანში ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყანაში კარანტინი არ გამოცხადებულა, თუმცა ირანის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა. მედიაში ვარაუდობენ, რომ ირანი კორონავირუსის შესახებ რეალურ სტატისტიკა მალავს.

გაორმაგებულია ვირუსისგან დაღუპულთა რიცხვი იტალიაშიც. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 34-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, დაავადებას 2000-მდე პაციენტი ებრძვის. კარანტინში რჩება 10-ზე მეტი ქალაქი. იტალიაში დროებით დაიხურა "ლა სკალას" ოპერის სახლი.

დაინფიცირების გაზრდილი სტატისტიკის გამო, პრევენციულ ზომებს იღებს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც. ბრიტანეთის მთავრობა ქალაქების ჩაკეტვას გეგმავს. მუშაობა შეწყვიტა პარიზში ლუვრის მუზეუმმაც.

ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია გამოვლენილი. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 212-ს მიაღწია. კორონავირუსმა უკვე 26 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

მეორე ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დაავადებას 90-მდე პაციენტი ებრძვის. ქვეყნის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, არ იმოგზაურონ რისკის შემცველ ქვეყნებში.

ბოლო მონაცემებით, ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 3048 პაციენტი. დაავადებისგან 45 ათასზე მეტი ინფიცირებული განიკურნა.

დღის ამბები