23 აპრილი 2024,   22:34
ვრცლად
ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მარიხუანის მოხმარების ფაქტი გამოვლინდა - "კურიერი" ანონიმურ წყაროს ესაუბრა

ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მარიხუანის მოხმარების ფაქტი გამოვლინდა. სასწავლო დაწესებულების სარდაფში დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა და სურათები სოციალურ ქსელში გაავრცელა. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

"კურიერი" ესაუბრა პირს, რომელმაც ფაქტის შესახებ პირველმა დაწერა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და როგორც მოსწავლეები, ასევე უცნობი პირები ტერიტორიაზე მარიხუანას ხშირად მოიხმარენ. 

"დაახლოებით 2 თვის წინ აღმოვაჩინე, ისიც არასრულწლოვნის მხრიდან. მან მითხრა, რომ ასეთი რამ ხდებოდა და მოგვეხდინა რეაგირება, რადგან ცუდია, რომ საჯარო სკოლის სარდაფში მსგავსი სიტუაციაა. იქ არის ბოთლი, რომელსაც მარიხუანას მოსაწევად გამოიყენებდნენ, შპრიცები. როგორც მაქვს ინფორმაცია, ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები და იქ იკრიბებიან ახალგაზრდები, მოწყობილია დასაჯდომები, მაგიდა და ა.შ."- განაცხადა წყარომ "კურიერთან" საუბრისას. 

ქუთაისის მესამე განყოფილების გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწე ილია კოხრეიძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და მის დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებს. 

საქმეზე გამოძიება 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც მსუბუქი ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-მოხმარებას გულისხმობს.

დღის ამბები