19 მაისი 2024,   15:19
ვრცლად
თუ საქართველოში არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური, ეს რუსეთის გარდა არავის სარგებელს არ მოუტანს- ადამ კინზინგერი

საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ოპოზიციის ლიდერების დაკავებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კონგრესმენი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა კონსტიტუციურად 2024 წელს არის გარანტირებული, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს მთავრობამ საარჩევნო სისტემის ცვლილების პირობა 2020 წლისთვის დადო.

ადამ კინზინგერის მოწოდებაა, რომ სასამართლო სისტემა მხოლოდ სამართლისთვის იყოს გამოყენებული, რაც მისი თქმით, კეთილსინდისიერი ნაბიჯი იქნებოდა ყველას გასაერთიანებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან.

"გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის, საქართველო რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ვიყავი 1 კვირით ადრე, სანამ საარჩევნო სისტემის რეფორმას კენჭი უყარეს და ის ჩავარდა. მე ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ახლა ყველა მხარე ცდილობს მოლაპარაკებას, ასე უნდა იყოს დემოკრატიაში. ერთადერთი გზა, რათა განსხვავებული ინტერესების ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარისგან გარკვეულ დათმობაზე წასვლაა. ამიტომ, მე ვაგრძელებ მოწოდება ს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ, ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში. ერთი რამ, რასაც ჩვენ ახლოს ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს.

მე მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას აქედან გამოსავალი იპოვოს, გამოიყენოს სასამართლო სისტემა, სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი ნაბიჯი ყველას გასაერთიანებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან. მმართველი და ოპოზიციური პარტიების ინტერესებშია იპოვონ გამოსავალი და საარჩევნო ყუთამდე სწორად მივიდნენ.

ჩვენი საქმე არაა საქართველოს მთავრობის ისეთად გადაქცევა, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვაჩვენოთ ქართველ ხალხს, მთავრობას და ოპოზიციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებების გვერდზე გადადება, უფრო დიდი მიზნისთვის, რომ არჩევნები იყოს ლეგიტიმური. თუ არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და თუ დემოკრატია მარცხს განიცდის, ეს არავის სარგებელს არ მოუტანს, რუსეთის გარდა. ჩვენი როლი გამოსავლის პოვნაა, და არა ისეთი გამოსავლისა როგორიც ჩვენ გვინდა.

მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ, საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში და ეს, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად,"- ამბობს კინზინგერი "ამერიკის" ხმასთან" ინტერვიუში.

დღის ამბები