19 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
ოპოზიცია საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზების გაზიარებას არ აპირებს

როდის გაიმართება, ან საერთოდ შედგება თუ არა მოლაპარაკება ოპოზიცია ხელისუფლებას შორის, ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

4 ფორმალური და 3 არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, საკითხი ისევ ღიად რჩება. ოპოზიციის მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ ძალაშია.

უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და ოპონენტებს  მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. 

მამუკა მდინარაძემ არჩევნების მოდელთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ოპოზიციას მიმართა და  საარჩევნო ბარიერის მათი გადაწყვეტილების მიხედვით დაწესება შესთავაზა. მის ამ განცხადებას ოპოზიცაში შეფასებები მოჰყვა. 

"არ ვაპირებ შესვლას "ქართული ოცნების" საარჩევნო ბუღალტერიის განხილვაში. ჩვენ ორი მთავარი მოთხოვნა გვქონდა, არჩევნები მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო პროპორციულ სისტემასთან და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა, მათ ყველაფერი თავის თავზე მოირგეს. ასე, რომ მათი შემოთავაზება ოპოზიციის მხრიდან არ იქნება გაზიარებული," - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა. 

დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ის, მხოლოდ შეთანხმებისკენ არის მოწოდებული. 

"ბოლო დღეებში ამ საჯარო წკლიპურტების გაცვლამ არ უნდა მიგვიყვანოს პროცესის ჩაშლამდე. მე ამაში არავის არ ავყვები და მონდომებული ვარ იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დავით უსუფაშვილმა. 

მმართველი გუნდის შეთავაზებას საარჩევნო სისტემის მოდელზე, სხვა ოპოზიცური ლიდერების მსგავსად, არ ეთანხმება გიგა ბოკერია. 

"ბარიერს თუ დაწევს, დაწიოს. ეს არ არის ის, რასაც ხალხს დაჰპირდა ივანიშვილი და რაზეც გადააგდო ისინი. ჩვენ მათ მაგ სისტემაშიც მოვუგებთ და დღევანდელშიც. მაგრამ არსებობს ქცევის წესები და საზოგადოების პრაგმატული ინტერესი ნებისმიერ პარტიასთან მიმართებით. ასევე არსებობს თავმოყვარეობა. ივანიშვილი დაღვრილი სისხლის შემდეგ რასაც დაჰპირდა ხალხს, ტყუილი აღმოჩნდა და ახლა ოპოზიციას ეუბნება, ეს ის არის, რასაც დაგპირდითო," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა  ბოკერია. 

დღის ამბები