19 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გამოიწვიოს კრიზისი ან დესტაბილიზაცია - ზურაბიშვილი

"მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის და საკუთარ არჩევანს, კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანს გადაუხვევს. ამაში ყველას შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული," - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა.

პრეზიდენტის თქმითვე, დაუშვებელია ოკუპაციის თემა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდეს.

"ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვაობა, თუნდაც, მწვავე ოპონირება ბუნებრივი მოვლენაა, მით უმეტეს - საარჩევნო პერიოდში. თუმცა, ჩვენს პირობებში, როცა ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, მისი ტერიტორიის 20 % კი ოკუპირებულია, მეტი სიფრთხილე გვმართებს. არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გამოიწვიოს კრიზისი ან დესტაბილიზაცია. 

დაუშვებელია, ოკუპაციის თემა გახდეს პოლიტიკური სპეკულირებისა და ნიშნის მოგების საგანი.

სრულიად მიუღებელია პირადი თუ პოლიტიკური ამბიციებისა და ინტერესების გამო ქვეყნის კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება - მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთი უმძიმესი ბრალდება არ ეფუძნება არც ერთ ფაქტს: არც პოლიტიკურს, არც ეკონომიკურს, არც სამართლებრივს. ასეთი ბრალდება ერის წარსულისა და მისი ერთსულოვანი არჩევანის შეურაცხყოფაა.

პირადად მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არ დავუშვებ ცილისწამებას, რომელიც სწორედ საქართველოს (და არა ცალკეულ პოლიტიკურ ძალას) უთხრის ძირს. 

ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც  უნდა დაგვირგვინდეს დეოკუპაციით, სახელმწიფოს გაერთიანებითა და საქართველოს თავის ევროპულ ოჯახში ღირსეულ წევრად დაბრუნებით, ჩვენს თაობას აქვს ერთი ვალდებულება - დაძლიოს პოლარიზაცია. მხოლოდ ერთიან საზოგადოებას შეუძლია ამ გზის ბოლომდე გავლა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მათ წინაშე, ვინც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები