18 მაისი 2024,   16:00
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კარანტინში 100-ზე მეტი ადამიანი რჩება - ჯანდაცვის მინისტრი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ რაიმე გართულებები არ აღენიშნებათ. მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში ისევ 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

უწყებათაშორისმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რაც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას.

აღნიშნული ასევე მოიცავს დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ აღინიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. 

დღის ამბები