19 მაისი 2024,   14:23
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის განსახილველად თბილისში შესაძლოა საერთაშორისო მინისტერიალი გაიმართოს

კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ირანის ელჩმა სეიდ ჯავად ყავამშაჰიდიმ ისაუბრეს.

ირანელი დიპლომატი საქართველოში გატარებული პრევენციული ღონისძიებებით დაინტერესდა.

შეხვედრაზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რეგიონის მასშტაბით მინისტერიალის გამართვის შესაძლებლობაც განიხილეს.

"წამოიჭრა საკითხი მინისტერიალის გამართვის რეგიონის მასშტაბით, იმისათვის, რომ მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები კორონავირუსთან გლობალურად ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ ინიციატივას, დაიგეგმა გარკვეული კომუნიკაციები მინისტრებს შორის და სავარაუდოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მინისტერიალი გაიმართება საქართველოში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

"მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები. ვირუსმა ძალიან ბევრ ქვეყანაში შეაღწია, მათ შორის ჩვენთანაც. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც კორონავირუსის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა გამოიწვია.

განვიხილეთ ვირუსის პრევენციისა და მასზე რეაგირების გზები. ეს ვირუსი არ ცნობს საზღვრებს, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება ერთად ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ მინისტერიალის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება," - განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სეიდ ჯავად ყავამშაჰიდიმ.

დღის ამბები