18 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
კორონავირუსი უკვე 80-ზე მეტ სახელმწიფოში გავრცელდა - ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება

კორონავირუსი უკვე 80-ზე მეტ სახელმწიფოშია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის პირველი შემთხვევები უნგრეთსა და სლოვენიაში გამოვლინდა.

დაავადების გავრცელების მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება. ქვეყანაში "კოვიდ 19"-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 107-ს მიაღწია. დაავადებულთა რიცხვი კი 3 ათასს გადასცდა. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კიდევ 10 დღით გადაიდო. გაუქმებულია ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება. 

ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა კი სამხრეთ კორეაში გამოვლინდა, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 5 ათას 700-ს აჭარბებს. ვირუსმა უკვე 35 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

ირანში კი, ვირუსის 3 ათასამდე შემთხვევა და გარდაცვალების 92 ფაქტი ფიქსირდება. გაზრდილი სტატისტიკის გამო ირანში ლოცვები უკვე მეორე კვირაა არ ტარდება. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ვირუსმა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში შეაღწია. ჰასან როუჰანი შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს სანქციების მოხსნას სთხოვს. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, ვირუსმა უკვე 15 შტატში შეაღწია. დაღუპულია 11 ადამიანი. შტატების წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდზე მეტი დოლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ფლორიდაში.

ისრაელის მთვარობამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ესპანეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან დაბრუნებულ 60 ათასამდე მოქალაქეს თვითიზოლაციაში ყოფნა მოსთხოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გავრცელების ფონზე დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის გლობალურ დეფიციტსა და ფასების ზრდას ელოდება. შექმნილი ვითარების გამო კორონავირუსთან ბრძოლაში ღარიბი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების დასახმარებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდი 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 95 ათასზე მეტი ადამიანი. დაავადებას უკვე 3 ათას 285 პაციენტი ემსხვერპლა.

დღის ამბები