19 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
110/40-ზე ოპოზიციისთვის წარდგენა ზუსტად იმის გათვალისწინებით მოხდა, რომ საუკეთესო გამოსავალია - კახა კალაძე

ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის შეთავაზებული 110/40, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება, საუკეთესო გამოსავალია და მას მხარდაჭერა ექნება როგორც "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან, ასევე ოპოზიციურ სპექტრში - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

"110/40 - ამ მოდელის წარდგენა ჩვენი მხრიდან ოპოზიციისთვის იმის გათვალისწინებით მოხდა, რომ ეს არის ის საუკეთესო გამოსავალი, სადაც ჩვენი თანაგუნდელების მხრიდანაც ექნება მხარდაჭერა სისტემის ცვლილებას და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მხრიდანაც. ეს არის რეალურად იმის შესაძლებლობა, რომ ყველა პარტიას, თუ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა 1%-იანი ბარიერის პირობებში, ექნება შესაძლებლობა, მათი წარმომადგენლები იყვნენ 2020 წლის პარლამენტში. თუმცა, დაველოდოთ მოლაპარაკებებს," - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, თუ პარტია 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მას მთავრობის დაკომპლექტების უფლება არ უნდა ჰქონდეს. 

"მმართველმა პარტიამ გააკეთა განაცხადი მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით და გააკეთა კომპრომისული შეთავაზება 110/40-ზე, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ რასაც ისინი მოითხოვდნენ და ხშირად საუბრობდნენ ტელევიზიებში, 40%-ზე იქნება ჩაკეტილი, ანუ თუ 40%-იანი მხარდაჭერა არ ექნება პოლიტიკურ პარტიას, ის ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას და მგონია, რომ ეს სწორია. თუ პარტიას 40%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს მთავრობა. შესაბამისად, ჩვენ ესეც კი ჩავდეთ იმ მოლაპარაკებებში ერთ-ერთ პუნქტად, რომ ჩაკეტილი იყოს ეს ყველაფერი," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები