27 აპრილი 2024,   07:14
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს, ბრალდების მხარის 3 მოწმე უნდა დაიკითხოს.

ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, აქამდე გამოკითხული ყველა მოწმე ნიკა გვარამიას უდანაშაულობას ადასტურებს და მისი თქმით,  სჯერა, რომ დღევანდელ პროცესზეც ასე იქნება. 

"ყველა დაკითხულმა მოწმემ, ბრალდების მხარის მოწმემ დაადასტურა, რეალურად, ნიკა გვარამიას და სხვა ბრალდებულების უდანაშაულობა და დარწმუნებული ვარ, დღესაც ასე იქნება. კითხვები იმასთან დაკავშირებით გვექნება, რომ არანაირი საეჭვო გარემოებები არ არსებობს, არანაირი სიყალბე არ არსებობს და ყველაფერი განხორციელდა ისე, რომ შესაბამისობაში იყო კანონმდებლობასთან,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პროკურორის თქმით, სასამართლო პროცესზე კომპანია "ინტერმედიას" ბუღალტერი და სამშენებლო კომპანიის 2 წარმომადგენელი დაიკითხება.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე გვყავს სამი მოწმე. ერთ-ერთი გახლავთ კომპანია "ინტერმედიას" ბუღალტერი. ამ მოწმეს კითხვებს დავუსვამთ გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოწმეს - ისინი არიან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებისგანაც ნიკა გვარამიამ შეისყიდა ორი უძრავი ქონება მის მიერ გაფლანგული თანხის სანაცვლოდ მიღებული სიკეთის მიზნით,"- განაცხადა პროკურორმა.

სასამართლო სხდომას ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამიაც ესწრება. მას გამოძიება, თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

დღის ამბები