19 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
გიგი უგულავას წერილი ციხიდან - რა შეფასებები კეთდება ოპოზიციასა და მმართველ გუნდში

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ წერილს, სადაც ის ოპოზიციას მოუწოდებს, რომ მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების პროცესში ბარიერად არ აქციონ, პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან:

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების კარი არ არის დახურული:

"ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების კარი არ არის დახურული და თუ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება გამოვიდეს მართლაც რეალისტური და ნორმალური მოდელით და არა ისეთით, რასაც სთავაზობენ დღეს, რომელიც ემყარება რაღაც ხელოვნურ ჩამკეტებს და რომელიც არის მორგებული ფეოდალი მაჟორიტარების ინტერესებს. თუ ამის ნაცვლად ხელისუფლება შემოვა პროპორციული არსის მქონე კანონპროექტით, კარი დახურული არაა და შეთანხმება შესაძლებელია," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მიუხედავად პოლიტპატიმრების მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, ოპოზიცია მათ ხელისუფლების პოლიტიკურ მძევლად არ დატოვებს:

"ეს არის ძალიან ვაჟკაცური განცხადება პოლიტპატიმრებისა, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ ისინი იყვნენ მიტოვებული და ხელისუფლებამ დაიტოვოს პოლიტიკურ მძევლად. ჩვენი მოთხოვნა არის პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული მექანიზმის შემოთავაზება და პოლიტიკური რეპრესიების და დევნის შეწყვეტა,"- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეს არის ფაქტობრივად მოწოდება,რომ ოპოზიციამ ადეკვატურ ციფრებს დაუჭიროს მხარი:

"ამით ფაქტობრივად გიგი უგულავამ მოგვიწოდა ჩვენ, რომ მხარი დავუჭიროთ ადეკვატურ პროპორციას პროპორციულ და მაჟორიტარულ ხმებს შორის, რაც 110/40-ზე არ არის, ვინმე ილუზიაში რომ არ იყოს, მაგრამ ის ციფრები რაც გაიჟღერა ოპოზიციის მხრიდან, ფაქტობრივად ოპოზიციას მოუწოდა რომ მხარი დაუჭირონ ადეკვატურ ციფრებს, მაგალითად 130/20-ზე და ა.შ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა ამბობს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიული ქმედებების შეჩერება პირველი რიგის საკითხად უნდა დარჩეს:

"სახელმწიფოებრივ  ინტერესს, საერთო სახალხო ინტერესს უფრო მაღლა აყენებენ ვიდრე საკუთარ თავისუფლებას, ისინი ბუნებრივია ეთიკურ-ზნეობრივი პრინციპებიდან გამოდიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეიძლება უკან დავიხიოთ ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, პირველი რიგის საკითხად კვლავ უნდა დარჩეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, იმ რეპრესიული ქმედებების შეჩერება, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს," - აღნიშნა გიორგი გუგავამ.

ოპოზიციისგან განსხვავებით საქართველოსი პოლიტპატიმრების არსებობას კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი. დავით მათიკაშვილის თქმით, შეთანხმების მიღწევის პროცესში წინაღობად არცერთი საკითხი არ უნდა იქცეს:

"ჯერ ერთი ის რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, მეორე ის, რომ არცერთი საკითხი არ უნდა იყოს წინაღობა იმისთვის, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა შეძლოს და შეთანხმებამდე მივიდეს, მაშინ როდესაც მმართველი გუნდის მხრიდან ეს შეთავაზება გაკეთებულია," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომპრომისის პროცესთან სხვა საკითხების მიბმას არასწორს უწოდებს რატი იონათამიშვილი:

"ჩვენ ყოველ ჯერზე ვამბობდით, რომ როდესაც კომპრომისის პროცესთან ხდებოდა სხვა გარე საკითხების დაკავშირება, ეს იყო არასწორი. თუ ეს ოპოზიციის მხრიდან არის გზა იმისკენ, რომ შედგეს კონსენსუსი, ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით, რადგან ჩვენთვის მნშვნელოვანია საბოლოო შეთანხმება,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები