21 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
ჩხოროწყუსა და წალენჯიხას შორის არსებულ მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

მაშველებმა დილიდან განაახლეს მუშაობა სამეგრელოში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხას შორის არსებულ მთაზე, სადაც გუშინ ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული.

ცეცხლი, ძირითადად, ეკალ-ბარდებს უკიდია. სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა რამდენიმე კერის ლოკალიზება გუშინვე შეძლეს, თუმცა სუსტი ხილვადობის გამო ღამით სამუშაოები შეწყდა.

მიუხედავად ამისა, სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში
იმყოფებოდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ცეცხლი მათ საცხოვრებელ სახლებსაც მოედება.

"ლოკალიზაცია თუ არ მოხდა, დიდი ალბათობაა, რომ ჩვენთანაც ჩამოვა ეს ცეცხლი. ჩვენს უკანაც ცხოვრობს ხალხი, რომელთაც ჰყავთ შვილები, ჰყავთ პირუტყვი. იმედია, აგვაცილებენ ამ საშიშროებას თავიდან,"- აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ანა გაბედავა.

ჩხოროწყუს მერი დავით გაგუა დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 

"შუადღეს გაჩნდა რამდენიმე წერტილზე ხანძარი. უმალ გამოვიძახეთ სახანძრო სამაშველო სამსახური. 3 კერა ჩააქრეს მაშველებმა, დარჩენილია ეს ადგილი, რომელზეც სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ვერ მოასწრეს ხილვადობის დროს ამ ადგილის ლოკალიზება, თუმცა დილიდანვე განვაახლეთ. მინდა განვმარტო, რომ ცეცხლი ტყის მასივს არ უკიდია, ეს არის, ძირითადად, ეკალ-ბარდი და ხმელი ბალახი. საბედნიეროდ, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება,"- აცხადებს მერი.

დღის ამბები