19 მაისი 2024,   10:56
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიბერსივრცეში სტაბილურობის ცალკე თემად განხილვა ისტორიულ შემთხვევად შეფასდა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები დაგმეს. 

საკითხს აფასებენ საგარეო უწყებაში და აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ამგვარი გამოხმაურება პრევენციული ხასიათისა და არა მხოლოდ სიტყვით დაგმობა. 

"კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ამ საფრთხეების წინაშე საქართველო მარტო არ არის და ის სარგებლობს საერთაშორისო საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით. საქართველო არ არის მხოლოდ ერთადერთი მიზანი ასეთი კიბერშეტევისა, ჩვენს პარტნიორებს კარგად აქვთ გათვიცნობიერებული, რომ ისინიც პოტენციური სამიზნეები არიან ასეთი თავდასხმებისა. ასეთი მძაფრი რეაქცია ჩვენს საკითხზე გარკვეულწილად პრევენციული ხასიათისაა მათი მხრიდან. გამოძიების დასრულების შემდეგ, შედეგების გათვალისწინებით, გადაიდგმება ერთობლივი ნაბიჯები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა. 

საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის კიბერდანაშაულის დაგმობის საკითხზე, პოლიტიკური და კიბერუსაფრთხოების ექსპერტებიც საუბრობენ. 

"ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გმობენ რუსეთის უკანონო ქმედებას, სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ამ ყველაფრის გადმოტანა კონკრეტულ ქმედებაში მოხდება რუსეთის წინააღმდეგ," - აღნიშნა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, თეონა აქუბარდიამ.

ექსპერტთა მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად იცის რუსეთის მიზნები იმის შესახებ, რომ ისინი საქართველოს, როგორც სივრცეს გატესტვისთვის ისე იყენებენ.

"ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მაიკ პომპეომ გააკეთა განცხადება, რომ ის გააძლიერებს ჩვენს მხარდაჭერას ამ სფეროში. ის განსაკუთრებით მიადევნებს თვალს, საქართველოში  რუსეთის კიბერაქტივობებს.  მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ჩვენ ვართ სივრცე, სადაც გატესტავს რუსეთი თავის საშუალებებს. ნებისმიერი ინიციატივის გაჟღერება რომელიმე მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენთვის ძალიან კარგი ნიადაგია," - განაცხადა კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, ”უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია - CASE”-ის დამფუძნებელმა, ლაშა პატარაიამ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმები, ცალკე საკითხად უშიშროების საბჭოზე პირველად განიხილეს.

დიპლომატების განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ ორგანიზებული კიბერთავდასხმის მიზანს საქართველოს დისკრედიტაცია და დაბნეულობის შექმნა წარმოადგენდა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიბერსივრცეში სტაბილურობის განხილვა ისტორიულ შემთხვევად შეფასდა.

 

 

დღის ამბები