30 აპრილი 2024,   12:24
ვრცლად
ეს არის ორგანიზაციული დაუმორჩილებლობა - რა მოხდა აჭარის ტელევიზიაში 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ჟურნალისტებსა და საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე ტელევიზიის ჟურნალისტები საუბრობენ. 

"ჩვენ გიორგი აბაზაძეს დღეს ბევრი კითხვა დავუსვით იმის შესახებ, თუ რატომ აიღო მან ეს პასუხისმგებლობა და რატომ დათანხმდა ამ თანამდებობას იმის ფონზე, რომ არ აქვს საკმარისი გამოცდილება. იყო ხმამაღალი და მშვიდი საუბარიც, შემდეგ ის რადიოში გადავიდა, სადაც მენეჯმენტი იმყოფებოდა და იქ რა მოხდა ნამდვილად არ ვიცი. თუმცა ვიცი მხოლოდ ერთი ფაქტი, რომ გიორგი აბაზაძეს დაწერილი ჰქონია განცხადება წასვლის თაობაზე, თუმცა ეს განცხადება, როგორც თავად თქვა - დახია. შესაძლოა მასზეც ხორციელდება ზეწოლა და ჩვენ მას ეს პირდაპირ ვუთხარით," - განაცხადა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის ფირუზ ბოლქვაძის განცხადებით, მას და გიორგი აბაზაძეს კანონიერი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობები არ ეძლევათ. 

"დღეს რაც მოხდა, არანაირად არ არის კავშირში სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვასთან, ეს არის ჩვეულებრივი ორგანიზაციული დაუმორჩილებლობა საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების ნაწილის მხრიდან. ეს ბუნებრივია კრიზისულ სიტუაციას წარმოშობს. ვთვლი, რომ ამ ქმედებით, რომელიც ხორციელდება ჩემს მიმართ და განხორციელდა გიორგი აბაზაძის მიმართ, ილახება ჩვენი კანონიერი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობები," - აღნიშნა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორმა ფირუზ ბოლქვაძემ.

აჭარის ტელევიზიაში დღეს დილით გამართული შეხვედრის დროს ჟურნალისტები და საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკების დროს, გიორგი აბაზაძე, რომელიც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად, საკადრო ცვლილებების ფარგლებში დაინიშნა, ცუდად გახდა. ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახებაც. მას გამოკვლევები ჩაუტარდა.

დღის ამბები