18 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვი გამოიყვანეს - ჩინეთში საკარანტინო შენობის ჩამონგრევას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ფუძიანის პროვინციაში საკარანტინოდ გამოყოფილი სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 29-ს კი ამ დრომდე ვერ პოულობენ, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შენობის ნანგრევებში 71 ადამიანი დარჩა, მათგან 38 უკვე გამოიყვანეს. ნგრევის მიზეზი ამ დრომდე არ არის ცნობილი.

CNN წერს, რომ მაშველების მიერ გადარჩენილებს შორის პატარა ბავშვიც არის, მშობლებთან ერთად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

უბედური შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:30 საათზე მოხდა. ჩინური მედია წერს, რომ შენობაში მოთავსებული იყვნენ პირები, რომლებსაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ. შენობის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

80 ნომრიანი სასტუმრო 2018 წელს გაიხსნა. მისი მფლობელი პოლიციამ უკვე დაკითხა.

საინფორმაციო პორტალთან Beijing News ქალი, რომლის ოჯახის წევრები ჩამონგრეულ სასტუმროში გადიოდნენ საკარანტინო პერიოდს, ამბობს, რომ თავადაც კარანტინში იმყოფება, თუმცა სხვა სასტუმროში. ოჯახის წევრებთან დაკავშირებას კი ვერ ახერხებს :

"ძალიან ვნერვიულობ. ისინი ჯანმრთელები იყვნენ, ყოველდღიურად უზომავდნენ ტემპერატურას, ანალიზებმა ვირუსი არ დაადასტურა, ყველაფერი წესრიგში იყო“.

პარასკევის მონაცემებით, ფუძიანის პროვინციაში კორონავირუსის 296 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო კი 10 819 ადამიანი ექიმებს დაკვირვების ქვეშ ჰყავთ.

ახალი შემთხვევების რაოდენობა შაბათს ჩინეთში 44-მდე ჩამოვიდა, წინა დღეს კორონავირუსის 99 შემთხვევა გამოავლინეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ით 101 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული. 3 ათასზე მეტი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა - უმეტესად ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, სადაც კორონავირუსის პირველი აფეთქება დაფიქსირდა.

დღის ამბები