19 მაისი 2024,   15:17
ვრცლად
დღეს ოპოზიცია უმრავლესობას შეხვდება - რა მოლოდინი აქვთ პოლიტიკოსებს

ზუსტად 2 საათში უმრავლესობა და ოპოზიცია დიალოგის მომდევნო რაუნდამდე კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. მხარეები დღეს იმ პირობებზე უნდა შეჯერდნენ, რომლებზეც მსჯელობა მოლაპარაკების მაგიდასთან გაგრძელდება.  

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური დაძაბულობა მოიხსნას და ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

ბაქრაძის განმარტებით, ოპოზიცია მზადაა მაქსიმალურად კონსტრუქციული იყოს.

"ჩვენი ამოცანაა მოხდეს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაცია, რაც სჭირდება ნორმალური არჩევნების ჩატარებას. ხოლო პოლიტიკური გარემოს ნორმალიზაცია, თავის მხრივ, საჭიროებს სამართლიან საარჩევნო სისტემასა და პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას, რომელსაც პოლიტიკური დევნა და პოლიტპატიმრების არსებობა იწვევს. ამიტომ, ეს ორი საკითხი - პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღება არის საფუძველი ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური გარემოსი.

ჩვენ მზად ვართ, ორივე საკითხთან დაკავშირებით ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციული, რომ შეთანხმების მიღწევას ხელი არ შევუშალოთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს ხელისუფლებისგან," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პოზიციების საბოლოოდ  შეჯერებას ელოდება "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილიც.

"ჯერ 77/73-ზე რჩებაო, მერე 100/50-ზე შეირგეთ, თორემ ამასაც არ მოგცემთო, მერე 110/40-ზეო. ბოლოს ახსენეს 120/30-ზე, ვნახოთ. ამასთანავე, მეორე საკითხი, ეს არის პოლიტიკური მოტივებით დაკავებული ადამიანებისადმი დამოკიდებულება და აგრეთვე, იმ ადამიანებისადმი, რომლებსაც პოლიტიკური მოტივებით ემუქრებიან," - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

დღის ამბები