18 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
გადაწყვეტილება მიმართული იყო დეესკალაციისკენ, დავიწყოთ ნორმალური მზადება არჩევნებისთვის - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების 4 თვიანი  შედეგი  მიმოიხილა.

როგორც თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიგინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ მისი ძირითადი პრიორიტეტი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებაა.

თალაკვაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.

"როგორც იცით, გუშინ პოლიტიკური მოლაპარაკებები და დიალოგი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დასრულდა. პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია. ამით ჩვენ, როგორც მმართველმა ძალამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და პრიორიტეტი არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა, დემოკრატიული პრინციპები და უსაფრთხოება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება არის მიღწევა და არის პროგრესული გადაწყვეტილება ყველა მხარისათვის და ეს იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა მზად არის დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიის გაძლიერებას და ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად და სამართლიანად.

საქართველოს აქვს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ისტორია, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით. 2012 წლიდან, საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ტარდება დემოკრატიულად და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ 2020 წლის არჩევნებიც ჩატარდეს მაღალი სტანდარტით. ჩვენი გადაწყვეტილება მიმართული იყო დეესკალაციისკენ, რათა ჩვენ გვეჩვენებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლება უფრთხილდება და პატივს სცემს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას და უსადრთხოებას.

ჩვენი პოლიტიკური პარტია არის მომავალზე ორიენტირებული. ჩვენ გვსურს ეკონომიკური განვითარება, ჩვენ გვსურს განათლების სისტემის რეფორმა. ჩვენ გვსურს უსაფრთხოების გაძლიერება, ინტეგრაცია ევროკავშირში და ნატოში. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომელიც უკავშირდება მომავალს და ამაზე ვართ კონცენტრირებული. უკვე შესაძლებლობა გვაქვს ყველას, რომ დავიწყოთ ნორმალური მზადება არჩევნებისთვის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

დღის ამბები