18 მაისი 2024,   09:14
ვრცლად
ოპონენტებს მოვუწოდებ, უსაფუძვლო ჟივილ-ხივილს თავი დაანებონ - გია ვოლსკი

მმართველი გუნდი ოპოზიციას მოუწოდებს, საქმიან რეჟიმზე გადავიდნენ და რადგან შეთანხმება მიღწეულია, საკითხი დამატებითი პოლემიკის საგანი არ უნდა გახდეს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხზე მსჯელობამ არ უნდა მიიღოს ის სახე, თითქოს შეთანხმება არ შემდგარა. 

"ყველამ ერთსულოვნად მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ცვლილებებს იმისთვის, რომ ცვლილებებმა ასახვა ჰპოვოს საკონსტიტუციო კანონში და ამის შემდგომ უკვე მოგვეცეს შესაძლებლობა ამ მოდელით ჩავატაროთ არჩევნები. მე ვფიქრობ, რომ ყველა პასუხისმგებელი ჯგუფი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხს და რაზეც უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას, აღარ უნდა იყოს დამატებითი პოლემიკის საგანი. რა თქმა უნდა, საკითხებზე მსჯელობა უნდა იყოს, თუმცა არა იმ ფორმით, რომ შეუთანხმებლობის ელფერი მიეცეს ამ ყველაფერს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ოპონენტებს მოუწოდებს შეთანხმებასთან დაკავშირებით "უსაფუძვლო ჟივილ-ხივილს" თავი დაანებონ.

"არის კიდევ გარკვეული დეტალები შესათანხმებელი და აქედან გამომდინარე, მინდა თქვენი მეშვეობით მოვუწოდო ოპონენტ მხარეს, რომ ამ ჟივილ-ხივილს, გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას დაანებონ თავი. საქართველო დაწყნარდა, ისედაც ბევრი პრობლემაა და გადავიდეთ უკვე ჭიდილზე პროგრამების და პროექტების, ჩვენი გეგმების. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეშინია არ განმეორდეს, რაც 24 ივნისის შემდეგ განმეორდა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები