19 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება არ ყოფილა - არჩილ თალაკვაძე

"კითხვებზე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები შეთანხმებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არა" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

"გუშინ და დღეს ვისმენთ კითხვებს და განსხვავებულ ინტერპრეტაციებს, ეს არის მაღალი პროფილის საქმეები, რომლებზეც მიმდინარეობს გამოძიება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით შემდეგზე - მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას.

ჩვენი პოზიცია აქამდეც, დღესაც და მომავლშიც იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, პოლიტიკური კალენდრის ნაწილი, არ შეიძლება მასზე იყოს დამოკიდებული. სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება ამ მიმართულებით, დოკუმენტში არ არის მოცემული და თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ შეთანხმების კონკრეტულ ტექსტს.

შესაბამისად, კითხვებზე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული ან შეთანხმებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ – არა, ასეთი კონკრეტული შეთანხმება გუშინ პარტიებს შორის არ ყოფილა არც მიღწეული, არც ხელმოწერილი და არც დადასტურებული.

ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ვინმეს დაკავებაზე, პატიმრობაზე ან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან შეთანხმება მიღწეულია.

დღის ამბები