19 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
ოპოზიცია: 120/30-ის საარჩევნო მოდელი ერთპარტიული მმართველობის შესაძლებლობას გამორიცხავს

ოპოზიცია და უმრავლესობა შეთანხმდნენ 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატზე, ასევე 1 პროცენტიან ბარიერზე და ე.წ. 40 პროცენტიან ჩამკეტზე.

ციფრების ასეთი გადანაწილებით ღიად დარჩა კითხვა - როგორ დაკომპლექტდება მთავრობა და რა საშუალებას აძლევს მიღწეული შედეგი ერთ კონკრეტულ პარტიას, შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური პროცესების გართულება.

მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ამ საარჩევნო მოდელით, რაზეც შეთანხმება უკვე მიღწეულია გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ რომელიმე კონკრეტულმა პარტიამ მთლიანად ჩაიგდოს ხელში ძალაუფლება და ერთპარტიული მმართველი გახდეს.

"ეს არის ქვეყნის გამარჯვება. კარგია, რომ პოლიტიკურმა ელიტამ მთლიანობაში მოახერხა კონსენსუსის მიღწევა და გაფორმდა ისეთი შეთანხმება, რომელიც ქვეყნისთვის არის გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი. ეს არის პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა, მაჟორიტართა რაოდენობა 73-დან შემცირდება 30-მდე, მივიღებთ ისეთ ოლქებს, სადაც ამომრჩეველი თანაბრად იქნება გადანაწილებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე.

ოპოზიციურ სპექტრში ელოდებიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის აუცილებლობა და ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატია და მრავალპარტიული კოალიცია იქნება.

"მე მიმაჩნია აბსოლუტურად გადაუდებელ ამოცანად, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად, საქართველოში უნდა გვქონდეს კოალიციური მთავრობა. ეს არის ჩვენი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნაც კი აღარ არის, ულტიმატუმია," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდგომ საქართველოს მოუწევს ტესტის გავლა, მოახერხებს თუ არა ქვეყანა კოალიციური მთავრობის შექმნას.

"მგონია რომ კი, ნებისმიერ შემთხვევაში მე მგონი ამ არჩევნების შემდეგ დადგება ისეთი რეალობა, როდესაც ჩვენ, როგორც ქვეყანას მოგვიწევს მაგ ტესტის გავლა, ვახერხებთ თუ არა კოალიციური მთავრობის შექმნას, კონსენსუსების გზით სიარულს, ანუ ვაჩვენებთ თუ არა საკუთარ თავს პირველ რიგში და შემდეგ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული, ჩამოყალიბებული სახელმწიფო. ამ წუთისთვის კოალიციური მთავრობა შეიძლება შედგეს იმ ოპოზიციური პარტიებისგან, რომლებსაც აქვთ ეს ერთობლივი სადისკუსიო ფორმატი," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც "სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, საარჩევნო მოდელზე აღნიშნული შეთანხმება საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომლის მეშვეობითაც ელისაშვილის თქმით, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ვერ შეძლებს.

"ეს გუშინდელი შეთანხმება არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კი მომხდარა, რომ ამიერიდან იქნება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ ძალას და არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ მისცემს ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალებას, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იქნება მრავალპარტიული დემოკრატია, მრავალპარტიული კოალიციური ხელისუფლებები, ამას უნდა მივეჩვიოთ, ეს არის გარდაუვალი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის საარჩევნო ფორმატი, იმ შეხვედრების ფორმატი "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ავტომატურად და ბუნებრივად არის დასრულებული და ჩვენ "სამოქალაქო მოძრაობა" შესაბამისად იმ ფორმატში მონაწილეობას არ ვიღებთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ 30 მაჟორიტართან დაკავშირებით მსჯელობაში ჩავერთოთ და საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე აზრები გავცვალოთ, თუმცა ჯერ ნაადრევად მიგვაჩნია," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება მაჟორიტარების მიმართულებით კონსულტაციებს, რომ ერთიანი კანდიდატებით წარდგნენ  შეთანხმებულ 30 ოლქში, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. "ლელო" კვლავ რჩება თავის პოზიციაზე და ამბობს, რომ ამ პროცესში დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ ოლქებში კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოს.

"კოალიცია გარდაუვალია თუ არა, ამას აჩვენებს საქართველოს მოსახლეობა და მათი ნება. ამ საარჩევნო სისტემის მიღების შემდეგ გადაწყდება, რომ ვერც ერთი ძალა ვერ მიიღებს ხმათა იმ რაოდენობას, ერთპიროვნული ძალაუფლება აიღოს ხელში. "ლელოს" პოზიცია აქამდე იყო და დღესაც ცხადია რჩება ის, რომ ვაპირებთ დამოუკიდებლად მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად, მაგრამ ცალკეულ ოლქებში ჩვენ შესაძლებელია გარკვეული კოორდინაცია გვქონდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, გვყავდეს მათ შორის საერთო კანდიდატები, ეს შესაძლებელია. კონკრეტულ ოლქში ვინ იქნება და ვისთან შევთანხმდებით, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა," - განმარტა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახა კოჟორიძემ.

დღის ამბები