19 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
პოლიტპატიმარს ვერ ვუწოდებ ადამიანს, რომელსაც მოპარული აქვს ათეულობით მილიონი ბიუჯეტიდან -  კობახიძე პოლიტპატიმრებზე

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. მათივე თქმით, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე შეთანხმება არ მომხდარა. ხელისუფლების წარმომადგენლები პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს, სიცრუეს და მოგონილს უწოდებენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტპატიმარს ვერ უწოდებს ადამიანს, რომელსაც ათეულობით მილიონი ლარი აქვს მოპარული.

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. პოლიტპატიმარს ვერ ვუწოდებთ ვერც ერთ შემთხვევაში ადამიანს, რომელსაც მოპარული აქვს ათეულობით მილიონი ლარი საჯარო ბიუჯეტიდან და ვერ ვუწოდებთ პოლიტპატიმარს ისეთ პირებს, რომლებიც იჭრებოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობაში. ეს არის ძალიან მარტივი.

რეალურად ის, რაც მოხდა შეხვედრაზე, არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. თქვენ მოისმინეთ კონკრეტული კომენტარი მაგალითად გიორგი ვაშაძის, უმცროსი ვაშაძის, რომელიც ამბობდა კონკრეტულ რამეს, ეს ადამიანი მანამდეც შეიმჩნეოდა ტყუილებში, ახლაც თქვა ტყუილი, ის ხშირად იტყუება ზოგადად, ეს არის მისი სტილი და ამ შემთხვევაშიც მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან გამოძიების შეწყვეტაზე და ა.შ. იყო საუბარი. ეს იყო უბრალოდ ტყუილი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, გუშინ ოპოზიციის წევრებმა იცრუეს, როდესაც განაცხადეს, რომ კონკრეტულ ადამიანებზე შეთანხმება შედგა.

"როდესაც შეთანხმება იმაზე დგება, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, გამოხვიდე და პირიქით თქვა, უკუღმა თქვა, რომ ჩაერევა პოლიტიკა მართლმსაჯულებაში და რაღაცაზე შევთანხმდით ამ მიმართულებით, ეს არის ტყუილი და ეს არ უნდა იკადრო. გუშინ ოპოზიციის ნაწილმა მოიგონა ტყუილი და პერსონიფიცირებულად თქვა, რომ აი ამ ადამიანებზე შედგა რაღაც შეთანხმება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და არ მოვერიდები ამ სიტყვას, ეს იყო მოგონილი ამბავი და რაც არ უნდა მიზანი ჰქონდეს, ამ შემთხვევაშიც ამის კადრება წინ დაგხვდება აუცილებლად იმიტომ, რომ პოლიტიკოსები არ წყვეტენ ასეთ საკითხებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია, მხარეებმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს. 

ამ წუთებში, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური სპექტრის შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

დღის ამბები