19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
მაჟორიტარები, რომლებმაც პროპორციული არჩევნების კანონპროექტი ჩააგდეს, ახალ ინიციატივას მხარს უჭერენ

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც, თავის დროზე, 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას მხარს დაუჭერენ.

როგორც ირაკლი (დაჩი) ბერაიამ აღნიშნა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით სამთავრობო კრიზისი, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

"ამ საკანონმდებლო ცვლილებით ეს ორივე მომენტი დაბალანსებულია. რეგიონებს ნაკლები, მაგრამ მაინც ეყოლება თავისი წარმომადგენლები პარლამენტში და 40, 42, 43%-ის შემთხვევაშიც კი, ფაქტობრივად, გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის რისკები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს ,"- განაცხადა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ.

ნინო წილოსანის თქმით, ყველა ის მიზეზი, რის გამოც მხარს არ უჭერდა 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ამ საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული იქნება. წილოსანი არ გამორიცხავს, რომ ამ მოდელს გუნდის შიგნით მოწინააღმდეგეები ეყოლება, თუმცა დარწმუნებულია, რომ კანონპროექტი საჭირო ხმებს მოიპოვებს. 

"ამ მოლაპარაკების შედეგად მიღებულ მოდელს, რომელიც დაინიცირდება, მხარს დავუჭერ, რადგან ყველა ის არგუმენტი, რომელიც მქონდა და რატომაც არ დავუჭირე 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი, დაკმაყოფილებულია. ჩვენს გუნდში, რა თქმა უნდა, არიან და იქნებიან ადამიანები, ვინც დღემდე შეიძლება ორჭოფებდნენ თავიანთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა გუნდს აქვს ერთიანი პოზიცია, რომ ამ ცვლილებებს ვუჭერთ მხარს,"- განაცხადა ნინო წილოსანმა. 

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შედეგად მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა. პოლიტკოსების თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით, რაც ნიშნავს, რომ პროპორციული სისტემით აირჩევა 120 დეპუტატი, 30 კი – მაჟორიტარული. ასევე, შეთანხმება ითვალისწინებს საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

დღის ამბები