19 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
ოპოზიციის მორიგი შეხვედრა - მმართველ გუნდთან შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა

პოლიტიკური შეთანხმება, რომლის ერთი ჩანაწერი მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებისთვის ბუნდოვანია - რა შედეგი ექნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გუშინდელ კონსენსუსს იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებშიც კონკრეტული პოლიტიკოსები ფიგურირებენ. გათავისუფლდებიან თუ არა პოლიტპატიმრები, რომელთა არსებობას ქვეყანაში ხელისუფლება არ ადასტურებს - ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც, ოთხთვიანი შეხვედრების შედეგის შემდეგაც, ბუნდოვანია. მიღწეული შეთანხმების შემდეგ ოპოზიცია დღეს დამოუკიდებლად პირველად შეიკრიბა.

შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათია, მიმდინარეობს. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განმარტება ოპოზიციური ლიდერების უმრავლესობამ გააკეთა.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც განსაკუთრებით ბევრი შეკითხვა დაისვა და რაზეც განსაკუთრებით ხაზგასმით საუბრობენ ოპოზიციური ლიდერები, მეორე შეთანხმებას შეეხება, სადაც საუბარია მართლმსაჯულების სისტემისა და სტანდარტების დახვეწაზე.

ოპოზიციური ლიდერები დღეს მედიასთან კიდევ ერთხელ ხაზგასმით იმეორებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში იყო საუბარი კონკრეტულად გვარებზე და მათ მიიღეს დაპირება, რომ მათივე განმარტებით პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდებიან. ოპოზიციური სპექტრის განმარტებით, ეს არის შეთანხმების მთავარი კომპონენტი, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულებულად და ბოლომდე მიყვანილად ჩაითვალოს.

"კონკრეტული გვარები, რომლებმაც უნდა დატოვონ საპყრობილე და კონკრეტული გვარები, რომლის საქმეებიც უნდა შეწყდეს იმიტომ, რომ ისინი არიან პოლიტმოტივირებულები. ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ სიტუაციაში, ოპოზიცია ამბობს, რაც ოპოზიციამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ სიტუაციაში, საქართველოს მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ აკვირდება იმას, რამდენად პატიოსნად შეასრულებს ორივე მხარე აღებულ ვალდებულებებს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ შეთანხმების დოკუმენტის ბოლო ნაწილი პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობას ეხება. მისი თქმით, შეთანხმების შესაბამისად 4 პატიმარი გათავისუფლებული უნდა იყოს.

"ამ დოკუმენტის ბოლო წინადადება ეხება პრეზიდენტის მონაწილეობას ამ პროცესში. მე მინდა, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს ძალიან კონკრეტულად, რომ ჩვენი შეთანხმების შესაბამისად, 4 ადამიანი, ვინც დღეს იმყოფება პატიმრობაში, უნდა იყოს თავისუფალი. როგორ იქნება, რა მექანიზმით, ამას ჩვენ ვნახავთ უახლოეს პერიოდში. მინდა ბატონ კობახიძეს თქვენი ეთერით მივმართო, მოკლე ფეხები ექნება თქვენს ტყუილს, რომელსაც ახლა თქვენ კადრულობთ და ჩემთან დაკავშირებით ჩემზე ამბობთ, რომ როდესმე მოვიტყუე. მე ყოველთვის ვსაუბრობ სიმართლეს, "- განმარტა გიორგი ვაშაძემ.

როგორც "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე ამბობს, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და რომელიმე ნაწილის არ შესრულება შეთანხმების არშესრულებას ნიშნავს.

"შეთანხმების ერთი ნაწილი არის საარჩევნო რიცხვები და საარჩევნო სისტემა. შეთანხმების მეორე ნაწილი არის პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზაცია, დევნის შეწყვეტა და პატიმრების გათავისუფლება, ამიტომ ის ფაქტი, რომ ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი თავისთავად ასახავს, რომ შეთანხმება არის ორნაწილიანი და რომელიმე ნაწილის არ შესრულება ნიშნავს მთლიანად შეთანხმების არ შესრულებას," - აცხადებს დავით ბაქრაძე.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით მასთან საუბარში პოლიტპატიმრების გვარებიც ითქვა. ბურჯანაძის თქმით, თუ პრეზიდენტი გიგი უგულავას საქმეზე საკუთარ უფლებამოსილებას გამოიყენებს ისე, რომ კანონს არ დაარღვევს, ამით მისი პოლიტიკური წონა გაიზრდება. 

"იგეგმება ჩვენის მხრიდან განცხადების გაკეთება, რომლის ტექსტსაც შეხვედრის შემდეგ გადმოგცემთ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ჩვენ ერთადერთ რამეზე გავაკეთეთ განცხადება და ერთობლივად ვთქვით, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით ტერმინებზე. გვარებიც ჩემთან ითქვა საუბარში: ოქრუაშვილი, თამლიანი, რურუა და უგულავასთან დაკავშირებით ოდნავ რთულია პროცედურულად, თუმცა პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს და ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება პოლიტიკურ პროცესს და არც კანონს დაარღვევს ამით და პირიქით, ვფიქრობ, რომ თავის პოლიტიკურ წონას გაზრდის, მას მარტივად შეუძლია უგულავა შეიწყალოს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ პროცესის ბოლომდე დასასრულებლად ყველა ყურადღებით უნდა იყოს. 

"მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს, ვიდრე სამივე მოსმენით მიღებული არ იქნება. მე პირადად ვერ ვიტყვი, რომ მშვიდად ვარ და დავინახავ, როგორც კი დასრულდება ეს პროცესი კენჭისყრით, შესაძლებელია, უკვე ვთქვათ, რომ როგორღაც ჩვენ გვეცოდინება წესები როგორ ტარდება არჩევნები," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები