18 მაისი 2024,   13:44
ვრცლად
კორონავირუსის გამო იტალია ე.წ. წითელ ზონად ცხადდება - ქვეყანაში ბოლო 24 საათში 97 ადამიანი დაიღუპა

კორონავირუსის გამო იტალია ე.წ. წითელ ზონად ცხადდება. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესდა. დღეიდან 3 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა საზოგადოებრივი შეკრებები.

იტალიის 60 მილიონიანი მოსახლეობისთვის სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ სამ შემთხვევაში: სამსახურის, სამედიცინო საჭიროებისა და გადაუდებელი შემთხვევების დროს არის ნებადართული. ტემპერატურის შემოწმება დაიწყება სარკინიგზო სადგურებზე. იტალიის რამდენიმე პორტში აიკრძალა საკრუიზო გემების შესვლაც. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. დახურულია სასწავლო დაწესებულებები.

იტალია ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაიღუპა 97 და ვირუსი დაუდასტურდა 1800-მდე ადამიანს.

საერთო ჯამში ქვეყანაში "კოვიდ 19"-ით ინფიცირების 9 ათასზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალების 463 ფაქტი ფიქსირდება.

"იტალიაში ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. სამშობლოს კეთიდღეობისთვის მსხვერპლი უნდა გავიღოთ. ამიტომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მივიღე. მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოცხადდება. აიკრძალება, როგორც შეკრებები როგორც შიდა ბარებში, ასევე ღია ცის ქვეშ.

გვესმის, რომ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს სოციალიზაციის სურვილი აქვთ. თავს ვერ მივცემთ უფლებას ასეთი შეხვედრები დავუშვათ ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო. ეს მარტივი არ არის, მაგრამ იძულებული ვარ შესაბამისი ზომები მივიღო.

ყველა მოქალაქეს ჩემთან ერთად აკისრია პასუხისმგებლობა. დარჩით სახლში. იტალიის მომავალი ჩვენს ხელთაა. შეზღუდვები არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მოსახლეობა შეძლებს სამსახურში სიარულს. კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან 7-ნახევარი მილიარდის გამოყოფა უკვე მოვითხოვეთ. შესაძლოა ეს თანხა გაიზარდოს," - აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

დღის ამბები