18 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
იტალია კარანტინში, ჩინეთში კი COVID 19-ის შემთხვევბი იკლებს - WHO პანდემიის საფრთხეზე საუბრობს

კორონავირუსის გავრცელებიდან 2 თვეში ჩინეთის შემდეგ, წითელ ზონად ამჯერად, იტალია იქცა. ქვეყნის მასშტაბით ვირუსმა 463 ადამიანი იმსხვერპლა, დაავადებას 9 ათასზე მეტი პაციენტი ებრძვის - ამ მონაცემებით იტალია ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ ისევ მეორე ადგილზეა.

საგანგაშო სტატისტიკის გამო, ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესდა. დღეიდან 3 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა საზოგადოებრივი შეკრებები. იტალიის 60 მილიონიანი მოსახლეობისთვის სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ სამ შემთხვევაში: სამსახურის, სამედიცინო საჭიროებისა და გადაუდებელი შემთხვევების დროს იქნება ნებადართული. ტემპერატურის შემოწმება დაიწყება სარკინიგზო სადგურებზე. იტალიის რამდენიმე პორტში აიკრძალა საკრუიზო გემების შესვლაც. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. დახურულია სასწავლო დაწესებულებები.

"ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მივიღე. მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოცხადდება. აიკრძალება შეკრებები როგორც შიდა ბარებში, ისე ღია ცის ქვეშ.

გვესმის, რომ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს სოციალიზაციის სურვილი აქვთ. თავს ვერ მივცემთ უფლებას ასეთი შეხვედრები დავუშვათ ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო. ყველა მოქალაქეს ჩემთან ერთად აკისრია პასუხისმგებლობა. დარჩით სახლში. იტალიის მომავალი ჩვენს ხელთაა. შეზღუდვები არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მოსახლეობა შეძლებს სამსახურში იტალია კარანტინშისიარულს. კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან 7 ნახევარი მილიარდის გამოყოფა უკვე მოვითხოვეთ. შესაძლოა ეს თანხა გაიზარდოს," - აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

ევროპისგან განსხვავებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს ჩინეთში. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაცვალების 17 და დაინფიცირების 19 შემთხვევა გამოვლინდა. ჩინელი პაციენტების 70%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

COVID 19-ით გარდაცვალების პირველი ფაქტები დადასტურდა გერმანიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში. ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა პანამაში, მონღოლეთში, კვიპროსსა და ბურკინა-ფასოში. გარდაცვალების 30 ფაქტი გამოვლინდა ესპანეთსა და საფრანგეთში. COVID 19-ით ინფიცირებულთა შორისა საფრანგეთის კულტურის მინისტრიც.

კვლავ მძიმე მდგომარეობაა ირანში, სადაც ვირუსით უკვე 237 ადამიანი დაიღუპა. დაავადებას კი 7 ათასზე მეტი ადამიანი ებრძვის. ირანში კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ეთილის სპირტის მიღების გამო, 7 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ სამხრეთ კორეაშია გამოვლენილი, სადაც დაავადებით 7 ათას ხუთასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ვირუსის პრევენციის მიზნით ზომებს ამკაცრებენ სხვა სახელმწიფოებიც. ისრაელში ჩასულ ყველა პირს ორკვირიან კარანტინში ყოფნა მოუწევს. 2 კვირით საჯარო ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა სლოვაკეთსა და კოსტა რიკაში.

ვირუსით გარდაცვალებულთა რიცხვი გაიზარდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ქვეყნის მასშტაბით დაავადებამ უკვე 72 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულია 708 ადამიანი. მათ შორის "ნასას" თანამშრომელი. დონალდ ტრამპი ამერიკელებს ვირუსთან ეფექტურად ბრძოლას ჰპირდება.

"ჩემი ადმინისტრაცია შეხვედრას გამართავს კონგრესთან, რომელზეც კორონავირუსის გავლენის შესამცირებლად, მოქალაქეებისთვის გადასახადების შემცირების თაობაზე იმსჯელებს. კორონავირუსმა მსოფლიო დააბრმავა, მაგრამ ჩვენ კარგად ვმუშაობთ. ჩვენ ძლიერი ეკონომიკა გვაქვს," - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ამ ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის საფრთხე რეალურია, თუმცა მისი გაკონტროლება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

"შემაშფოთებელია, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა 100 ქვეყანაში 100 000-ს გადააჭარბა. პანდემიის საფრთხე ძალიან რეალური გახდა. მაგრამ ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომელიც შეიძლება გაკონტროლდეს. ყველას ვალია ახალა ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას ხელი არ შეუწყონ. მთავარია ამ ბრძოლაში არ დავნებდეთ,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრიესუსი.

კორონავირუსის გამო, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა მსოფლიო ეკონომიკამ. ნავთობის მომპოვებელმა ქვეყნებმა დღე-ღამის განმავლობაში, ნავთობზე ფასების რეკორდული კლების გამო, 500 მილიონი ამერიკული დოლარით იზარალეს. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კი სამრეწველო ინდექსი - "დოუ ჯონსი" 7.79 პროცენტით დაეცა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა.

დღის ამბები